თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადება ხუთშაბათს, 28 მაისს დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებით, ალექსანდრე ჩივაძის ფეხბურთელები სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ გაჩერდებიან, ვარჯიშები კი სფფ–ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება.
ქართველი ფეხბურთელები გასვლით პირველ მატჩს 3 ივნისს სან–მარინოს გუნდთან გამართავენ. სან–მარინოში გუნდი 18 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება, სადაც ადგილზევე შეუერთდებიან ლეგიონერები გიორგი გადრანი და ლაშა დვალი. ამ ეტაპზე ჩივაძის გუნდი 22 ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული.
საქართველოს ნაკრები გამოდის შესარჩევი ციკლის მეექვსე ჯგუფში, რომელშიც მას მეტოქეობას სან–მარინოს გარდა ხორვატიის, ესპანეთის და შვედეთის გუნდები გაუწევენ. შემდეგ რაუნდში გადავლენ 10 ჯგუფიდან გამარჯვებულები და ოთხი მეორე ადგილზე გასული გუნდი, რომლებიც საუკეთესო შედეგს აჩვენებენ.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში U-21 პოლონეთში 2017 წელს გაიმართება.