თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური აფრიკისა და მალის რესპუბლიკებში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა, სადაც ჩვენი ჯარისკაცები ევროკავშირის მისიებში მიიღებენ მონაწილეობას.
საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ საკითხზე დადგენილებას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოდან იგეგმება ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად და ერთი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილეობისთვის.
ევროკავშირმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაციები 2014 წლის 1 აპრილს დაიწყო. საქართველო მისიაში 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან 2015 წლის აპრილამდე მონაწილეობდა.
ევროკავშირის საწვრთნელი მისია მალის რესპუბლიკაში 2013 წელს დაიწყო.