საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მაჟორიტარული ოლქები გააუქმა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების მიღებით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთშაბათს, 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გადანაწილების პრინციპს ეხება. 

საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად,  საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს,ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.  სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის ორ ნორმას: მე-14-სა (თანასწორობის უფლება) და 28-ეს (საყოველთაო საარჩევნო უფლება).

სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებმა უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ შეიტანეს. 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების მიღებით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა“, – ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში

კერძოდ, სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თანაბარი გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. 

„შესაბამისად, საარჩევნო ოლქები და მანდატები იმგვარად იყო გადანაწილებული, რომ ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობდა“ ვიდრე — მეორე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“კანონის თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს შესაბამისი გადაწყვეტილების „საკანონმდებლო მაცნის“  ოფიციალურ ვებ–გვერდზე  გამოქვეყნების მომენტიდან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0