თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან, რუსეთთან დიალოგის ფორმატის გაფართოების საკითხზე იმსჯელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ აბაშიძესთან ერთად ისედაც ჩართულია მოსამზადებელ სამუშაოებსა და მოლაპარაკებებში. მაგრამ თუ ახალი კომპონენტი განიხლება, ამას ჩვენ კოორდინირებულად წარვმართავთ. მე დაგეგმილი მაქვს შეხვედრა ბატონ ზურაბთან და მოვამზადებთ შემდეგი დიალოგის ფორმატს“, — განუცხადა ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრა, შესაძლოა, გაფართოებულ ფორმატში ჩატარდეს და მას ორივე ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ დიალოგის არაფორმალური ხასიათი შენარჩუნდება.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრების სახით გრძელდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს. იქ ვაჭრობის განახლების, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობენ.