თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ევროკომისიის გეგმის თანახმად, ჩრდილოეთ აფრიკიდან ყველაზე მეტი ლტოლვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გერმანიამ უნდა მიიღოს — საერთო რაოდენობის დაახლოებით 22%, იუწყება ოთხშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” გამოცემა Spiegel Online – ზე დაყრდნობით.
ოთხშაბათს ევროკომისია წევრ-ქვეყნებს შორის ათასობით მიგრანტის ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილების დროებითი მექანიზმის პრეზენტაციას აპირებს. მუდმივი მექანიზმი, სავარაუდოდ, 2015 წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება. სააგენტო ”როიტერის” ინფორმაციით, ევროკომისია სხვადასხვა ქვეყნებში იმ 40 ათასი მიგრანტის კვოტების სისტემით გადანაწილების წინადადებით გამოვა, რომლებიც საბერძნეთსა და იტალიაში ჩავიდნენ.
როგორც Spiegel-მა გაარკვია, ამ გეგმის მიხედვით გერმანიას 8 ათასზე მეტი ლტოლვილის (საერთო რაოდენობის 22%) მიღება მოუწევს. ამის მიზეზი ევროკომისიის მხრიდან შემუშავებული გეგმაა, რომელიც მიგრანტების გადანაწილებას კვოტების სისტემის მიხედვით ითვალისწინებს. კვოტები დამოკიდებულია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე, უმუშევრობის დონესა და უკვე მიღებული ლტოლვილების რაოდენობაზე. საფრანგეთმა კომისიის გეგმის მიხედვით, დაახლოებით 17% უნდა მიიღოს. იტალიამ და საბერძნეთმა მიგრანტები არ უნდა მიიღონ, რადგანაც ბრიუსელს ლტოლვილების მიღებისგან სწორედ ამ ორი ქვეყნის გათავისუფლება უნდა.
ამასთან დაკავშირებით ცალკეული ქვეყნების პოზიციები ცნობილია. საფრანგეთი მიგრანტების მიღებაზე კვოტების დაწესების კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ მზადაა, ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების უფრო სამართლიანი ”გადანაწილების” საკითხებზე იმსჯელოს. ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, ”მიგრანტებისთვის კვოტების შესახებ საუბარიც არ შეიძლება იყოს, რადგანაც არის საზღვრების კონტროლის წესები და იმიგრაციის შეკავების პოლიტიკა”.
ევროკომისიის იდეა დიდმა ბრიტანეთმაც გააკრიტიკა, რომელიც, მით უფრო, არ არის ვალდებული, ევროკომისიის საერთო ინიციატივაში მონაწილეობდეს. ლტოლვილების კვოტებით განაწილების წინააღმდეგია ესპანეთიც, რომელიც მაროკოდან, სენეგალიდან და მავრიტანიიდან შემოსული იმიგრანტების ნაკადს აკონტროლებს.
მკაფიოდ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ჩეხეთის ხელისუფლებასაც. ქვეყნის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მესამე სამყაროს ქვეყნებიდან მიგრანტების მიღების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, ”ლტოლვილებს შორის სრულიად შესაძლებელია, ჯიჰადის მიმდევრებიც აღმოჩნდნენ”. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოგუსლავ სობოტკამ კვოტების პოლიტიკა ასევე პრინციპულად უარყო.
გერმანია, რომელიც მიგრანტების მნიშვნელოვან ნაწილს იღებს, საფრანგეთთან კონსულტაციების გამართვას აპირებს, რომ ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია შეათანხმოს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნათლად გამოხატა მოსაზრება, რომ საკითხი ძალზე რთულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ გაურკვეველია მათი მდგომარეობა, ვინც უკვე ევროპაშია, მაგრამ ლტოლვილის კრიტერიუმებს არ პასუხობს.
იტალია, რომელმაც მიგრანტების სხვა ქვეყნებში განაწილების სისტემიდან მოგება უნდა მიიღოს, ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე ამ იდეას იცავს. საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე იტალიელმა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ”ადრე ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებებიდან უკან დახევაა” შესაძლებელი.
ევროპული სოლიდარობის აუცილებლობის შესახებ საუბრობს საბერძნეთიც და ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს. საბერძნეთის ხელისუფლების მოსაზრებით, ევროპის ქვეყნებმა არალეგალური მიგრანტების შენახვის ტვირთის ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აიღონ, რომლებიც ქვეყანაში ყოველდღიურად ასეულობით შედიან.
კვოტების პოლიტიკას მხარს უჭერს შვედეთი, რომელსაც ასევე აქვს მიგრანტების უზარმაზარი ნაკადის პრობლემა. ამის შესახებ 18 მაისს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრემმა თავის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.