თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა შესწორებების პაკეტი, რომელიც პროკურორთა საბჭოს შექმნას და მთავარი პროკურორის დანიშვნის წესების გადახედვას ითვალისწინებს.
კანონში ”პროკურატურის შესახებ” შესწორებების თანახმად, პროკურორთა საბჭოში ცხრა ადამიანი შევა. ოთხ მათგანს პროკურორთა კონფერენცია აირჩევს, რომელიც, თავის მხრივ, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. კიდევ ოთხს პარლამენტი აირჩევს, ამათგან ორს — დეპუტატებიდან, ხოლო დანარჩენებს — საგანმანათლებლო დაწესებულებების და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან წარდგენილი კანდიდატებიდან.
პროკურორთა საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს.
პროკურორთა საბჭოს ფუნქციებში შევა: მთავარი პროკურატურის ყოველთვიური ანგარიშის გაცნობა დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის შესახებ, სტატისტიკური მონაცემების, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების თაობაზე, საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი საკითხები, მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
გარდა ამისა, პროკურორთა საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს დაამტკიცებს. ამის შემდეგ მთავარი პროკურორის კანდიდატურას მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, მოწონების შემთხვევაში დასამტკიცებლად ის პარლამენტს წარედგინება.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს პარლამენტი ექვსი წლის ვადით, მეორედ არჩევის უფლების გარეშე აირჩევს.
ასევე, შესწორებების თანახმად, კანონში ”პროკურატურის შესახებ” გაჩნდება ახალი ტერმინი საგანგებო (ad hoc) პროკურორი, რომელიც მთავარ პროკურორს შეცვლის, თუ ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში იქნება ეჭვმიტანილი. საგანგებო პროკურორს პროკურორთა საბჭო ყოფილი პროკურორების, მოსამართლეებისა ან გამომძიებლების რიგებიდან აირჩევს, რომელთაც არანაკლებ ხუთი წლის სამუშაო სტაჟი აქვთ და დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში საგანგებო პროკურორმა პროკურორთა საბჭოს უნდა წარუდგინოს დასკვნა, არსებობს თუ არა დასაბუთებული ეჭვი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. ეს ვადა შეიძლება ორი თვით კიდევ გაიზარდოს. ამასთან, საგანგებო პროკურორი მიიღებს უფლებას, გამოკითხოს ყველა, ვისაც მთავარი პროკურორის წინააღმდეგ ბრალის დამტკიცება ან უარყოფა შეეძლება.