თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ბელარუსში არ არსებობს უკრაინული მოვლენების განმეორების წინაპირობები, განაცხადა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში, რომლის სტენოგრამაც ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაქვეყნა. ამის შესახებ იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„მე აბსოლუტურად ვერ ვხედავ მსგავს პრობლემას ბელარუსისთვის. და საამისოდ მრავალი მიზეზი არსებობს“, – თქვა მაკეიმ.
„პირველი, ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის ყოფილი ხელმძღვანელობასავით აქეთ-იქით ვეცეთ – რუსეთისგან ევროპისკენ და პირიქით. მეორე, ჩვენში სახელმწიფო და ეკონომიკა ნორმალურად იმართება. შესაძლოა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკის ცხოვრებაში ზედმეტად გადაჭარბებულია, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე ეს აუცილებელია“, – განმარტა მან.
მაკეიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მსგავსი მოვლენების აღსაკვეთად, სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს გავლენა ეკონომიკაზე. „ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოქმედების მაგალითი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ უნდა გაუშვას ხელიდან ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებზე გავლენის ბერკეტები, განსაკუთრებით, რთულ ვითარებაში. ამიტომ ჩვენში, მაშინდელი უკრაინისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მტკიცედ უპყრია ხელთ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების მართვის ბერკეტები“, — განაცხადა მაკეიმ.
ამასთან, მან გამოყო ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონე და ისიც, რომ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიზნესები არ აქვთ. „ჩვენში არც პრეზიდენტსა და არც პრეზიდენტის ოჯახის წევრებს არ აქვთ ბიზნესები. ამიტომ პრეზიდენტს მშვიდად შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და არ ეშინოდეს იმისა, რომ რომელიღაც დასავლურ ქვეყანაში ანგარიშებს დაუყადაღებენ. დიახ, კორუფცია ალბათ ჩვენთანაც არის, მაგრამ ჩვენ მას ვებრძვით. თუმცა კორუფციას ისეთი გასაქანი არ აქვს, როგორიც ჰქონდა უკრაინაში. ჩვენში ოლიგარქები არ თამაშობენ როლს კადრების განაწილებასა და ეკონომიკის მართვაში, როგორც ეს უკრაინაში იყო“, – განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავკაცმა.
კიევის მთავარი, დამოუკიდებლობის მოედანი 2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა სასწრაფოდ დაიკავეს მას შემდეგ, რაც ნიკოლაი აზაროვის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელს მოწერა შეაჩერა. მოგვიანებით მაიდანი ძალოსნებისა და რადიკალურად განწყობილი ადამიანების შეტაკების ეპიცენტრად იქცა, რა დროსაც ოპოზიციამ არაერთხელ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და „მოლოტოვის კოქტეილები“. შეტაკებების შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი. 2014 წლის თებერვლის ბოლოს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. პარლამენტმა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელისუფლებას ჩამოაშორა და მაისი ბოლოსთვის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნებში მილიარდერმა პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა.