თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სამ ჯგუფად დაიყოფა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 25 მაისს დატოვეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა ხაჩიძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
”გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ ერთ გუნდად თავის წარმოჩენას. ვიცი, რომ შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება "ნაციონალური მოძრაობა” და ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თუმცა, როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, მათ განზრახული აქვთ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება.
ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ დატოვა და ქვეყანაში ამ დრომდე არ დაბრუნებულა. 2014 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ამჟამად ის უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს შტატგარეშე მრჩეველია.