„ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის პარტიის დაშლას არ გამორიცხავენ

გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა დაიშალოს. 

„ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 25 მაისს დატოვეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარლამენტის წევრმა გოგა ხაჩიძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. პოლიტიკოსებს არ განუმარტავთ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები.

„ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" მისი წევრები ტოვებენ, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა ისინი ტოვებენ უმცირესობას, მაგრამ რჩებიან ოპოზიციაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთხშაბათს, 27 მაისს. 

ამასთან მან აღნიშნა, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ნაცმოძრაობა შესაძლოა სულაც დაიშალოს“. 

ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ პარტიაში შექმნილი ვიტარება დაკავშირებულია პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში არყოფნასთან. ექს–პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წლის ნოემბერში, გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ დატოვა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუსწრებლად წაუყენა სააკაშვილს მთელი რიგი ბრალდებებისა. დღეს ის უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს შტატგარეშე მრჩეველია. 

„არ იყო ზვიადი – არ იყო მისი პარტია, არ იყო ასლანი – არ იყო მისი პარტია, არ იყო შევარდნაძე – არ იყო მისი პარტია, არ არის მიშა – არ არის მისი პარტია. ეს პარტია რაღაც დრომდე იარსებებს, მაგრამ არსებობს ისეთივე ნიშნები, როგორიც იყო სხვების შემთხვევაში“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და  მომავალი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება.



ყველა ახალი ამბავი
0