თბილისი, 27 მაისი – Sputnik. გულიკო ჩიტაძეს, რომელიც თბილისის ზოოპარკში 25 წელზე მეტია მუშაობს, ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც თავს უსურიული ვეფხვი დაესხა, იუწყება ზოოპარკის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე.
ინციდენტი ოთხშაბათს, 27 მაისს მოხდა, როცა ცხოველების მომვლელი გულიკო ჩიტაძე სამუშაო ზონაში, ვეფხვების ვოლიერის მესერთან იმყოფებოდა. ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
„ოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. სერიოზული დაზიანებებია ტანის არეშიც. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში განმარტეს, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტად ითქვას, თუ რამ გააღიზიანა ცხოველის გაღიზიანება.
„ქალბატონი გულიკო 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის, ის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა დღევანდელი ინციდენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.