თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საპარლამენტო უმცირესობის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტიის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგები მოულოდნელად დატოვეს, საკუთარი მოძრაობის შექმნას და მორიგ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
”ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, ღია პოლიტიკურ ცენტრი, მოვიზიდოთ და პოლიტიკურ პროცესში ჩავრთოთ პროფესიონალები… 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას”, — ამის თაობაზე ოთხშაბათს, 27 მაისს სოციალური ქსელის Facebook–ის საკუთარ გვერდზე დაწერა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ.
25 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
პარტიიდან წასვლის მიზეზების განმარტებისას ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ”დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე” არ აპირებს.
”ჩვენ რეალურ საფრთხეს ვხედავთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები… ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლას ერთიანი საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის; ბრძოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ოლიგარქი, რომელმაც გააჩერა ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა და ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები”, — წერს ზურაბ ჯაფარიძე.
მმართველი პარტიის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვას პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგაც აგრძელებს.