თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რომელიც ავღანეთში იმყოფება, ქართველ მოსახლეობას და სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ხიდაშელის სიტყვით გამოსვლის ტრანსლირება ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მიმდინარეობდა.
„განსაკუთრებით დღეს მინდა მივულოცო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, იმ წერტილიდან, სადაც ყველაზე უფრო მეტად უჭირს მსოფლიოს და სადაც უფრო კარგად ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, მთელი საქართველო ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ვიბრძვით მსოფლიო უსაფრთხოების და დამოუკიდებლობისთვის“,– განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი თაობა „ღირსეული შვილია იმ წინაპრის, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და თავისუფლების განმტკიცებისთვის“.
ამასთან თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დღეს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ „მომავალი თაობის ღირსეული წინაპარი გახდეს.“
„პირადად ჩემი და სრულიად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მსოფლიო უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა ციტირება გააკეთა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან“, რომელიც 1918 წლის 26 მაისს მიიღეს და აღნიშნა, რომ „ეს არ არის უბრალოდ სიტყვები.“
„ეს არის იდეა, რომელიც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ერთ კონკრეტულ დოკუმენტში ჩაწერილი რომელიმე ფრაზა, ეს არის იდეა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების იდეა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც ნოე ჟორდანია ედგა სათავეში, მხოლოდ 3 წელი არსებობდა. ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წელს აღდგა.