ღარიბაშვილი: ქართველი ჯარისკაცი ვაჟკაცობის სიმბოლო გახდა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, იცხოვრო დამოუკიდებელ ქვეყანაში - ეს წინაპრების წინაშე პასუხისმგებლობაა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცი ქვეყნის პარტნიორებისა და მეგობრებისთვის ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა.

”დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს. სიმბოლურია, რომ დღეს გახდით საქართველოს ჯარისკაცები. გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივია, რომლითაც შეიძლება, იამაყო. დღეს თქვენ ფიცით განამტკიცეთ თქვენი მზადყოფნა, ერთგულად და პატიოსნად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს”, — განაცხადა ღარიბაშვილმა სამშაბათს, 26 მაისს თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ.     

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  აუცილებელია ყველას  ახსოვდეს, რა ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება და სამშობლოს ვინ შესწირა თავი.

”სწორედ მათი თავდადების შედეგია, რომ დღეს სიამაყით შეგიძლიათ თქვათ ”ვემსახურები საქართველოს”. ჩვენ ყველა საქართველოს ვემსახურებით. ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მოვალეობის შესრულება. მჯერა, რომ ღირსეულად ატარებთ ჯარისკაცის საპატიო წოდებას, კეთილსინდისიერად მოიხდით ვალს ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს წინაშე”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, იცხოვრო დამოუკიდებელ ქვეყანაში — ეს წინაპრების წინაშე პასუხისმგებლობაა.

”სწორედ ესაა პასუხისმგებლობა იმ თაობების წინაშე, ვინც განახორციელა ეს იდეა, ვინც ქართული სახელმწიფო დაგვიტოვა. ეს პასუხისმგებლობაა, თავის მხრივ, მომავალი თაობებისადმი, ვისაც ჩვენ უნდა დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს”, — განაცხადა ღარიბაშვილმა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება, ”არასახელმწიფოებრივი აზროვნება ჩვენს ქვეყანას დიდ ზარალს აყენებს და, სამწუხაროდ, ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს”, — განაცხადა მან.


ყველა ახალი ამბავი
0