თბილისი, 26 მაისი — Sputnik. "Sputnik.Мнения"-ს მორიგი გამოკითხვის თანახმად, ევროპის ქვეყნების რესპონდენტთა უმრავლესობა –51% მიიჩნევს, რომ საბერძნეთმა საკუთარი ვალი თავად, ევროკავშირის დახმარების გარეშე უნდა დაფაროს. გამოკითხვა საერთაშორისო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის ბრიტანულმა კვლევითმა სააგენტო ICM Research-მა ჩაატარა.
ამ მოსაზრებაში ერთსულოვნება დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მოსახლეობამ გამოავლინა — ამ ქვეყნების რესპონდენტების 62% და 69% ვარაუდობს, რომ საბერძნეთმა საკუთარი ვალი თავად უნდა გადაიხადოს. ამ მოსაზრებას იზიარებს ფრანგ რესპონდენტთა 50%.
განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად საბერძნეთის მაცხოვრებლებს. კითხვაზე ”თქვენი აზრით, ვინ უნდა გადაიხადოს საბერძნეთის ვალი?” გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანას ვალი, უბრალოდ, უნდა ჩამოეწეროს. 25% კი თვლის, რომ ქვეყანამ საკუთარი ვალი თავად უნდა გადაიხადოს. ამასთან, რესპონდენტთა 8%–ის აზრით, არსებულ ვალზე პასუხისმგებლობა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროპის კომისიამ უნდა აიღოს, ხოლო რესპონდენტთა 6% დარწმუნებულია, რომ საბერძნეთის ვალი ევროკავშირმა უნდა დაფაროს.
კითხვაზე — ”როგორ მიგაჩნიათ, თქვენმა ქვეყანამ უარი უნდა თქვას ევროზე და ადრინდელ ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდეს?” გამოკითხულ ევროპელთა 53%–მა განაცხადა, რომ მათ ქვეყანას ევროზე უარის თქმა და ადრინდელ ეროვნულ ვალუტაზე დაბრუნება არ სჭირდება. ევროპის ვალუტაზე უარს მოსახლეობის ყველაზე მეტი რაოდენობა გერმანიაში ამბობს. გერმანული მარკის დაბრუნებას გამოკითხულთა 39% ემხრობა. ეროვნული ვალუტის დაბრუნებას საბერძნეთსა და საფრანგეთში გამოკითხულთა 24% და 29% ემხრობა.
გამოკითხვა ახალი ამბების სააგენტო Sputnik-ისთვის ბრიტანულმა კომპანიამ ICM Research დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და საბერძნეთში 2015 წლის 20 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საბერძნეთის ვალის შესახებ გამოკითხვისთვის შეირჩა 4001 ადამიანი (საბერძნეთში — 1001 რესპონდენტი, დანარჩენ ქვეყნებში — თითოეულში 1000), ხოლო ევროს ზონიდან გამოსვლის თაობაზე — 3001 ადამიანი (1001 რესპონდენტი — საბერძნეთში და გერმანიასა და საფრანგეთში — თითოეულში — 1000). ბრიტანულმა კომპანიამ რესპონდენტები სქესის, ასაკის და ადგილმდებარეობის მიხედვით შეარჩია.
მონაცემების სანდოობა დაახლოებით 95%-ია. ცდომილება მთლიანობაში 6,05+/-3,1%-ის ფარგლებში მერყეობს.