ღარიბაშვილი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარების ახალ ეტაპთან დაკავშირებულ პროცესებში პირადად აპირებს ჩართვას. ის იმედოვნებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, იგეგმება ცენტრის რეორგანიზაცია, ფონდებში არსებული ვითარების შესწავლა, ახალი შენობის მშენებლობა და თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების გაზრდა.

”ჩვენ ცენტრის მნიშვნელობა სახელმწიფო დონეზე აგვყავს", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ორშაბათს ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს, ზაზა აბაშიძეს შეხვდა, რომელსაც ახალ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

”პრემიერი სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ სახელმწიფოს ინტერესი არასოდეს გამოუჩენია და დღეს არსებობს საკითხის პოლიტიზების მცდელობა, რაც დაუშვებელია”, — აღნიშნულია მთავრობის მეთაურის  პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პრემიერი ცენტრის განვითარების ახალ ეტაპთან დაკავშირებულ პროცესებში თავად აპირებს ჩართვას და იმედოვნებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

” ერთი თვის ვადაში რამდენიმე ლოკაციას შევარჩევთ და ცენტრისთვის ახალი, თანამედროვე შენობა აშენდება, სადაც დაცული იქნება სათანადო პირობები, მოწესრიგდება ფონდები და თანამშრომლებს ღირსეული ხელფასები მიეცემათ. აქამდე მათი ხელფასი იყო ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. მინიმალური ხელფასი აქვთ ადამიანებს, რომლებიც შვილებივით იცავენ და უფრთხილდებიან უნიკალურ, მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერებს”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობის პროექტირება 2015 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება.

საქართველოს განათლების მინისტრი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი პრემიერ-მინისტრის ჩართულობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ახალი პოლიტიკა ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ცენტრის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი გახდება. 

მანამდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიეცათ საშუალება თავად აერჩიათ ხელმძღვანელი. ახალი დირექტორი, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე სანიკიძემ თანამდებობაზე მას შემდეგ დანიშნა, რაც იგი განათლების სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ აირჩია და დაამტკიცა. შესაბამისი კონსულტაციები სანიკიძემ ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც გაიარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0