თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ აშშ ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა და ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მფარველობს.
„პუტინის მლანძღავი „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ფასეულია დასავლეთისთვის, რომ ყველაფერზე ხუჭავს თვალებს. ამერიკელები დღესაც ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები მოიყვანონ. ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია. მისი ფინანსების 80% დასავლეთის ბანკებშია განთავსებული და ის უფრთხილდება მათ“, — განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ „საქართველოში აშშ-ის საელჩო ქვეყანაში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში ერევა“.
ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს მიხეილ სააკაშვლის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველი პოზიციები დაათმობინა. ივანიშვილი მთავრობას ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როდესაც კოალიციის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, განაცხადა, რომ თავისი ამოცანა შეასრულა, პრემიერის თანამდებობა დატოვა და თავის მემკვიდრედ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.