თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდა მორაგბეთა ნაკრებმა ლისაბონში World Rugby U20 Trophy მოიპოვა, სადაც ფინალში კანადის ნაკრები 49–24 ანგარიშით დაამარცხა.
ილია მაისურაძის აღსაზრდელებმა გუნდის ისტორიაში პირველად მოიპოვეს ასეთი პრესტიჟული ჯილდო. კანადელებთან შეხვედრის ორივე ნახევარი, ქართველმა მორაგბეებმა დამაჯერებლად ჩაატარეს, რამაც, შედეგად, 7 ლელო მოუტანათ.
„მიმდინარე წელმა გაძლიერებული ვარჯიშებისა და ინტენსიური მუშაობის ფონზე ჩაიარა. ეს გამარჯვება ჩვენი მუშაობის შედეგად მიღებული ჯილდოა. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ყველა წევრს, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და ასეთ შესანიშნავ შედეგს მიაღწია“, – მთავარი მწვთნელის ილია მაისურაძის განცხადებას ავრცელებს worldrugby.org.
ამ გამარჯვებით, ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რომელიც მომავალ წელს ინგლისში ჩატარდება.