თბილისი, 25 მაისი — Sputnik. კომპანია Lufthansa-მ თანამშრომლების მიერ ანტიდეპრესანტების მოხმარების გამოვლენის მიზნით მფრინავებისთვის შეიძლება მოულოდნელი ტესტები შემოიღოს. ანტიდეპრესანტები შეიძლება ფსიქიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებდეს, როგორც ეს Airbus A320-ის მფრინავს ანდრეას ლუბიტცს ჰქონდა, გაზეთ “Frankfurter Allgemeine Zeitung“ დაყრდნობით იუწყება რუსული საინფორმაციოა სააგენტო РИА Новости.
გამოცემის მონაცემებით, ასეთი შემოწმებების შემოღების შესაძლებლობაზე Lufthansa-ს მმართველმა კარსტენ შპორმა განაცხადა. ამასთან, გაზეთი აღნიშნავს, რომ ანტიდეპრესანტების მოხმარება ფსიქიკურ დაავადებებზე ყოველთვის არ მეტყველებს — იგივე პრეპარატები ქრონიკული ტკივილის მკურნალობის დროსაც გამოიყენება.
შპორმა ასევე აღნიშნა, რომ Airbus A320-ის კატასტროფის შემდეგ კომპანია ფრენის დროს რისკების შემცირებაზე მუშაობს. კერძოდ, შემოღებულ იქნა პრინციპი, რომლის თანახმადაც კაბინაში ყოველთვის ორი პილოტი უნდა იმყოფებოდეს, ასევე შეიცვალა თვითმფრინავების ბორტებზე კარის ტექნიკური მოწყობილობა, რაც პილოტების ინდივიდუალური ქმედებების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
მარტის ბოლოს გერმანული ავიაკომპანია Germanwings-ის (Lufthansa-ს შვილობილი კომპანია) თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოვარდა. ბორტზე ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი (150 ადამიანი) დაიღუპა. ”შავი ყუთის” ჩანაწერი აჩვენებს, რომ კატასტროფა მეორე პილოტის — გერმანიის მოქალაქის ანდრეას ლუბიტცის განზრახული ქმედებების შედეგად მოხდა.
ავიაკატასტროფების გამოძიების საფრანგეთის ბიუროს (BEA) წინასწარი მოხსენება ლუბიტცის ქმედებების წინასწარ განზრახულობის შესახებ დასკვნებს ადასტურებს: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფრენის დროს მეორე პილოტი კაბინაში მარტო იმყოფებოდა და ავტოპილოტი შეგნებულად დააპროგრამა ისე, რომ თვითმფრინავს მიწაზე დაშვებამდე სიმაღლე დაეკარგა.