თბილისი, 25 მაისი – Sputnik. რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ "ბოევიკებმა" უკანასკნელი ცხრა დღის მანძილზე სირიის ქალაქ პალმირასა და მის შემოგარენში, სულ ცოტა, 217 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 16 მაისის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ "ბოევიკებმა" სირიის დასავლეთში, პროვინცია ჰომსის სხვადასხვა ნაწილებში, 67 მშვიდობიანი მოქალაქე – მათ შორის, ბავშვები და სამთავრობო ჯარების 150 სამხედრო მოსამსახურე დასაჯეს სიკვდილით.
მანამდე სირიის ეროვნული ტელეარხი აცხადებდა, რომ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ "ბოევიკებმა" 400–მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს. ტელეარხის მონაცემებით, დაღუპულთა შორის დიდი რაოდენობით არიან ბავშვები და ქალები. "ბოევიკებმა" ადამიანები „სირიის მთავრობასთან კავშირში“ დაადანაშაულეს.
პირველი მასობრივი სიკვდილით დასჯის თაობაზე ხუთშაბათს გახდა ცნობილი. ქალაქის ცენტრში ოცზე მეტი მაცხოვრებელი მოკლეს. ხუთი ოჯახი, ბავშვების ჩათვლით, გაიტაცეს და პროვინცია რაქაში გადაიყვანეს, რომელიც "ბოევიკებმა" საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადეს.
სირიის ქალაქი პალმირა, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი მდებარეობს, ოთხშაბათს მთლიანად "ბოევიკთა" კონტროლქვეშ გადავიდა. ქალაქის დატოვების წინ, სირიის არმიამ მაცხოვრებელთა დიდი ნაწილის, 11 ათასი სამხედრო მოსამსახურისა და პოლიტიკური დამნაშავის, ასევე პალმირას ცენტრალურ მუზეუმში დაცული ფასეული ისტორიული რელიქვიების ევაკუაცია მოახერხა.
ქალაქის დაპყრობის შემდეგ განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა უძველესი ტაძრები და ნანგრევები, რომლებიც რომაელებმა 1.5 ათასზე მეტი წლის წინ ააგეს და რომლებიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.