თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება უწყების პრეს–სამსახური ორშაბათს, 25 მაისს.
შეხვედრას, რომელიც კიევში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება.
„ორი თვის განმავლობაში გელა დუმბაძე ცხრა ქვეყანაში გახლდათ, შეხვდა ქართველებს, რომლებიც ოცზე მეტ სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და პირადად გაეცნო მათ პრობლემებს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ პირადი შეხვედრები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გაეცნო დიასპორის პრობლემებს“, – ნათქვამია განცხადებაში.