თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ახალწვეულთა ფიცს ჩაიბარებს. ფიცის დადების ცერემონია 13:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაიწყება. მოგვიანებით მარგველაშვილი ქუთაისში გაემგზავრება. იგი ქუთაისის მესამე სამხედრო ბრიგადის ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს და სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებს, იუწყებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურში ორშაბათს, 25 მაისს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღრიბაშვილიც. იგი ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.
„ღონისძიების დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერებს საინფორმაციო და გასართობ კუთხეებს, რომლებსაც სამინისტროები წარმოადგენენ“, – იუწყება პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახური.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სახელით, თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრში 18:00 საათზე ჩატარდება კონცერტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. დღის ბოლოს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართება.