თბილისი, 22 მაისი — Sputnik. პარასკევს, 22 მაისს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მრჩეველთა რაოდენობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა თავისი პრეროგატივაა და სხვას არავის ეხება.
თბილისის მერიამ 14 მაისს საკრებულოს მრჩევლების რაოდენობის ორიდან ხუთამდე გაზრდის თხოვნით მიმართა. ამ გადაწყვეტილებამ საკრებულოს ოპოზიციის ნაწილის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია.
„მერია დიდი უწყებაა და რისთვის სჭირდება მას ამდენი მრჩეველი, თავად მერმა იცის. არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს ის თავის მრჩევლად. ეს მერის დისკრეციული უფლებაა. მერიაში არ ხდება კადრების დამატება. ჩვენ შევცვალეთ რაიონული გამგეობების სტრუქტურა, მრჩევლები სხვადასხვა სამსახურებში იყვნენ გაფანტული, ჩვენ მათ ერთ უწყებაში მოვუყარეთ თავი და ისინი მერის დაქვემდებარებაში იქნებიან", — განაცხადა დავით ნარმანიამ.
საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა — თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერი ქალაქის მოსახლეობისადმია ანგარიშვალდებული, ამიტომ ის ვალდებულია ახსნას, რაში სჭირდება მას ამდენი მრჩეველი.
„ასეთი განცხადებები მოსახლეობის დაცინვაა. ის ვალდებულია, განუმარტოს საზოგადოებას, რაში სჭირდება ხუთი მრჩეველი, მით უმეტეს, რომ სწორედ ამ მიზეზით ბიუჯეტში (თბილისის) შეაქვთ ცვლილებები, და ამ ადამიანებს უნდა გამოეყოთ ხელფასები და სახელფასო დანამატები, თანაც ის (ნარმანია) საკუთარი ჯიბიდან არ იხდის", — განაცხადა აბესაძემ.