თბილისი, 21 მაისი — Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელიც ხუთშაბათს, 21 მაისს რიგაში გაიხსნა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.
„სამიტი რიგაში — ეს ეტაპია. რიგის სამიტით საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი არც იწყება და არც მთავრდება. შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ შესაძლებლობის ფარგლბში მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალური აღიარება მივიღოთ. ამასთან ერთად, ვაჩვენოთ საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც რეგიონში ევროპული ტრანსფორმაციის მოდელს წარმოადგენს“, — განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში საქართველოსთვის ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით „ტექნიკური ამოცანების დასრულების“ კონკრეტული ვადები იქნება მითითებული
„ასევე ველოდები მოწოდებას, რომ ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და საქართველოსთან მიმართებით აამოქმედონ ის სპეციალური რეგულაცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას განსაზღვრავს“, — აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოქმედებების გეგმის (VLAP) შესრულებისას საქართველომ „მაღალ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს მიაღწია“.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე და ნამდვილად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ მივიღოთ განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით“, — განაცხადა ბერუჩაშვილმა.