თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ხუთშაბათს საქართველომ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, იუწყება სააგენტო РИА Новости.
დოკუმენტზე ხელმოწერა რიგაში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შედგა.
დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა მოაწერეს ხელი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ქვეყნის აგროსექტორის განვითარებისკენაა მიმართული. შეთანხმების თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკი შეთანხმებული პროექტების 50%-ის დაფინანსების ვალდებულებას იღებს. ”მინდა ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადავუხადო იმ სისწრაფისთვის, რაც ამ შეთანხმების მიღწევას დასჭირდა”, — განაცხადა დანელიამ.
”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსიასთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან ევროკავშირის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ბოლო სამმა ქვეყანამ მიმდინარე წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი 21-22 მაისს რიგაში იმართება.