კუდავამ განათლების სამინისტროს ქმედებას შავი პიარი უწოდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავის მხრივ, ზაზა აბაშიძეს, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი გახდა, ეჭვი ეპარება, რომ კუდავას დარღვევები ექნებოდა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა კუდავა ამტკიცებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებს. 

ასეთი კომენტარი გააკეთა კუდავამ განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებაზე, რომელმაც არ გამორიცხა პროკურატურის მიერ კუდავას მოღვაწეობის შესწავლის დაწყების შესაძლებლობა. „აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდაციას აუდიტის სამსახური გასცემს“, – თქვა სანიკიძემ და აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშის საბოლოო ვერსია ხუთშაბათს, 21 მაისს გამოქვეყნდება. 

„პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე თეთრი ძაფითაა ნაკერი. თავიდან მოიშორო ადამიანი და მერე მის წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო – ეს  ბოლშევიკების მეთოდია. მე, საერთოდ, ისტორიკოსი ვარ და ისტორიის სახელმძღვანელოებში წამიკითხავს, რომ არც ძალადობა, არც უსამართლობა და არც მართალი კაცის დევნა არავის შერჩენია. ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს“, – აღნიშნა კუდავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. 

თავის მხრივ, ზაზა აბაშიძეს, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი გახდა, ეჭვი ეპარება, რომ კუდავას დარღვევები ექნებოდა. 

„მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ არა მგონია, რომ  ბუბა კუდავას საქმე პროკურატურამდე მიეყვანა“, – თქვა აბაშიძემ. 

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები 18 მაისიდან გაფიცულები არიან იმის გამო, რომ არ მისცეს უფლება თავად აერჩიათ ხელმძღვანელი. 

ცენტრის ახალ დირექტორად სანიკიძემ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე მას შემდეგ დანიშნა, რაც იგი განათლების სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ აირჩია და დაამტკიცა. სანიკიძემ შესაბამისი კონსულტაციები ასევე გაიარა პრემიერ–მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილთან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0