მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არქეოლოგებმა კენიაში 3,3 მილიონი წლის შრომის იარაღები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / В. Захаров / გადასვლა მედიაბანკშილომი
ლომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პალეოანთროპოლოგებმა კენიაში, ტურკანის ტბის მახლობლად დედამიწაზე ყველაზე ძველი, 3,3 მილიონი წლის შრომის იარაღები აღმოაჩინეს, რამაც კაცობრიობის მიერ ამ იარაღების ათვისების დრო წარსულში 700 ათასი წლით უკან გადასწია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენმა წინაპრებმა მათი დამზადება Homo-ს ჯიშის გამოჩენამდე ისწავლეს.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. კენიაში, ტურკანის ტბის მახლობლად დედამიწაზე ყველაზე ძველი, 3,3 მილიონი წლის შრომის იარაღების აღმოჩენა ამტკიცებს, რომ კაცობრიობის  მიერ ამ იარაღების ათვისების დრო წარსულში 700 ათასი წლით იწევს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენმა წინაპრებმა მათი დამზადება Homo-ს ჯიშის  გამოჩენამდე ისწავლეს, აღნიშნულია ჟურნალში Nature გამოქვეყნებულ სტატიაში.

”ეს რეალურად  გარდამტეხი და ძალზე კარგად დასაბუთებული აღმოჩენაა. ჩემი თვალით ვნახე ამ არტეფაქტების  ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად შრომის იარაღებია და არა უბრალოდ ქვის ნატეხები. მიკვირს, რამდენად განსხვავდებიან ისინი ოლდუვაიური ინსტრუმენტებისგან, რომლებიც ადრე ყველაზე პრიმიტიულად და უძველესად ითვლებოდა”, — აღმოჩენის შესახებ ისაუბრა ამერიკელმა პალეოანთროპოლოგმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან  ბერნარ ვუდმა (Bernard Wood). 

ეს ეპოქალური აღმოჩენა, როგორც  ხშირად ხდება, თითქმის შემთხვევით და  ღვთის  ნებით მოხდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”. ორი პალეონთოლოგი სონია არმანი (Sonia Harmand) და ჯეისონ ლიუისი (Jason Lewis), შორეულ 2011 წელს ტურკანის ტბის ნაპირზე და შემოგარენში სეირნობდნენ, რა დროსაც დაიკარგნენ და უცნობ ადგილას მოხვდნენ. ბილიკის ძებნისას მეცნიერები ბორცვზე ავიდნენ და ადგილის დათვალიერება დაიწყეს.

გზის ძებნისას მათი ყურადღება ბორცვის ერთ-ერთ ფერდობზე გარეთ გამოსულმა დანალექმა ქანებმა მიიპყრო, სადაც არმანმა და ლიუისმა შრომის იარაღის მსგავსი რამდენიმე  ქვა იპოვეს. შემდეგი სეზონის ბოლოსთვის პალეონთოლოგებმა იმ ადგილას თითქმის 150 შრომის იარაღი და მათი დამზადების ”ნარჩენები” გათხარეს.

მათ ირგვლივ არსებული ქანების ასაკის გამოთვლის შემდეგ ექსპედიციის წევრები არმანი და ლიუისი საკვირველ დასკვნამდე მივიდნენ — შრომის იარაღები მიწისქვეშ მინიმუმ 3,3 მილიონი წლის წინ, აფრიკაში პირველი Homo-ს გამოჩენამდე იქნა დამარხული.

როგორც სტატიის ავტორები ვარაუდობენ, მათი ”გამომგონებელი” უძველესი ადამიანებისგან  ბევრად განსხვავებული ავსტრალოპითეკების, კენიანთროპების (Kenyanthropus platyops) სახეობის პერიოდში მცხოვრები იყო, რომელთა ნაშთები 1999 წელს ტურკანის მახლობლად ცნობილმა პალეონთოლოგმა რიჩარდმა და მევ ლიკიმ აღმოაჩინეს.  

ტურკანის შრომის იარაღები შესამჩნევად მარტივად და პრიმიტიულად არის მოწყობილი, ვიდრე ოლდუვაიური ჩოპერები და ქვასატეხები — ისინი უფრო მსხვილი ქვებისგან არის გაკეთებული და მჭრელი მხარე შესამჩნევად უხეში და ”შემთხვევითი” აქვთ. გარდა ამისა, ბევრ მათგანს დამზადების განსხვავებული ტექნიკის კვალი ამჩნევია. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი უფრო დიდი ქვისგან ვიწრო ნამსხვრევების ჩამომტვრევით იქნა მიღებული, ხოლო სხვები — მისი მეორე ნატეხზე უბრალო დანაწევრებით. 

რაც საინტერესოა, ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს პოპულარულ თეორიას იმის თაობაზე, რომ კაცობრიობამ  შრომის იარაღის  დამზადება და მისი გამოყენება კლიმატის ცვლილებების შედეგად, ტყიდან სავანებში საცხოვრებლად გადასვლის შედეგად ისწავლა.

როგორც იმ შრეებში, სადაც შრომის იარაღები აღმოაჩინეს, ნახშირბადის იზოტოპების წილი მიუთითებს, კენია იმ დროს ტყეებით იყო დაფარული. ეს ნიშნავს, რომ პირველი ქვის იარაღები კაცობრიობის წინაპრების ცხოვრებაში რაღაც სხვა ცვლილებების საპასუხოდ გაჩნდა.

არმანი და ლიუისი აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა მისი მნიშვნელობის მიუხედავად, პალეოანთროპოლოგებისთვის მოულოდნელი არ არის — შრომის იარაღების უფრო ადრეულ წარმომავლობაზე მეცნიერები უკვე დაახლოებით 10 წელია ფიქრობენ.

ამ თეორიის სასარგებლოდ პირველი ირიბი მტკიცებულებები 2009 წელს ეთიოპიაში აღმოაჩინეს, სადაც პალეონთოლოგებმა იპოვეს ცხოველების ძვლები, რომლებსაც შრომის იარაღებით მიყენებული ჭრილობები ემჩნეოდა. იმავე ადგილას თავად შრომის იარაღების არარსებობამ  მეცნიერებს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალება არ მისცა. მაგრამ ახლა ამისთვის მათ სრული საფუძველი გააჩნიათ.


ყველა ახალი ამბავი
0