თბილისი,19 მაისი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის აღსანიშნავად მზადება დაიწყეს, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური სამშაბათს, 19 მაისს.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წელს, ბოლო ორი წლის მსგავსად, დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ გამართოს. დღესასწაული ქვეყნის მოსახლეობის მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
რეპეტიციები 19, 20 და 25 მაისს ჩატარდება. 19 მაისს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 1 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით სავარჯიშო ფრენას განახორციელებს.
20 მაისს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით გლდანის რაიონის მიმართულებით საკოორდინაციო შემოფრენას შეასრულებენ.
25 მაისს გენერალური რეპეტიცია ავიაციის მონაწილეობით 12:45 საათიდან 14:30 საათამდე იგეგმება. 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი, 3 ერთეული L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ და 3 ერთეული SU-25 ტიპის თვითმფრინავი „მიმინო“ დედაქალაქის თავზე თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით გადაიფრენენ.
გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფიცის მიღების ცერემონიალთან დაკავშირებით რეპეტიციებია დაგეგმილი. 23 მაისს 06:00 საათზე გადაიკეტება თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. რეპეტიცია დაახლოებით 12:00 საათამდე გაგრძელდება.
25 მაისს გენერალური რეპეტიცია 11:00 საათიდან, სავარაუდოდ, 18:00 საათამდე გაიმართება.
თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.