თბილისი, 19 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია JSC RMG Gold–ს უფლება მისცა განაგრძოს ოქროს მოპოვებითი სამუშაოები საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოზე, იუწყება სასამართლოს პრეს–სამსახური სამშაბათს, 19 მაისს.
სასამართლო განხილვის ფარგლებში 16 მაისს მოსამართლეებმა ნინო ბუაჩიძემ და ნანა დარასელიამ ექსპერტებთან, არქეოლოგებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად პირადად დაათვალიერეს საყდრისი–ყაჩაღიანის სადავო საბადო.
„საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა. ოქროსმოპოვებითი სამუშაოები არ შეჩერდება“, – განაცხადა სასამართლოს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ (საია) მტკიცებით, რომელიც საქმეში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს, ადგილი აქვს არქეოლოგიური ობიექტის მიზანმიმართულ დაზიანებას. ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ასევე კომპანია JSC RMG Gold–ის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი საქმეში მესამე მხარედ გვევლინება.
დავა საყდრისი–ყაჩაღიანის ოქროს საბადოს გარშემო, რომელიც მთელი რიგი ადგილობრივი და უცხოელი ავტორიტეტული არქეოლოგების დასკვნით, ჩვ.წ–აღმდე III – IV ათასწლეულით თარიღდება, უკვე რამდენიმე წელია არ წყდება. 2006 წელს საბადო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.
2013 წელს საბადოსა და მიმდებარე ტერიტორიის სპეციალური სტატუსი გაუქმდა და ამ ადგილებში ოქროსმოპოვებითი სამუშაოების ჩატარებაზე ლიცენზიის მისაღები კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში კომპანიამ JSC RMG Gold–მა გაიმარჯვა.
2014 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომისიამ განაცხადა, რომ საბადოზე უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე წლის ივნისში დააკმაყოფილა არასამათავრობო ორგანიზაციების სარჩელი, გააუქმა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც საბადოს ექსპლუატაციის უფლებას იძლეოდა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ოქროს მოპოვება აკრძალა. ერთი თვის შემდეგ სასამართლომ აღადგნა საყდრისის, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიური ძეგლის სპეციალური სტატუსი. კომპანია JSC RMG Gold–მა კი მეორე დღესვე აღადგინა სამუშაოები საბადოზე. ამას გარდა, 2015 წლის იანვარში კომპანიას კიდევ 5 წლით გაუგრძელდა ოქროსმოპოვებით სამუშაოებზე ლიცენზია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საია“ მოითხოვს, სასამართლოს წესით გაუქმდეს კულტურის სამინისტროს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.