თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა თბილისში იალბუზის ქუჩაზე. ნგრევის შედეგად ორი გამვლელი ქალბატონი დაშავდა — ამის შესახებ ორშაბათს, 18 მაისს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურმა განაცხადა.
„ორი ქალბატონი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ. შემთხვევის ადგილზე ისანი-სამგორის მაშველთა და მეხანძრეთა ჯგუფი იყო მობილიზებული. შემთხვევა თბილისის დროით 15:30 სთ-ზე მოხდა“, — განაცხადეს პრეს-სამსახურში.
საქართველოს შსს-მ საქმე სსკ-ს 240-ე მუხლის 1 ნაწილით აღძრა (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება). ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.