თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ირანში 17-დან 19 მაისამდე საქართველო-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა იმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე აცნობა.
„ქართულ-ირანული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განხილულ იქნება საქართველოსა და ირანის შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე“, განაცხადა კერესელიძემ.
საქართველოს მხრიდან ეკონომიკური კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორი ეკა აკობია და სხვა უწყებების წარმომადგენლები.