თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენლები ხელისუფლების შეცვლისა და ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით, მეორე დღეა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში ამ დროისათვის ოცამდე ადამიანი მონაწილეობს.
”პირველ რიგში, მოვითხოვთ ქვეყნის ნეიტრალიტეტს განსაკუთრებული სტატუსით. მეორე — ქვეყანაში გადაწყვეტილებები ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. მესამე მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული მიწა, სტრატეგიული მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეული საქართველოს საკუთრებაა. ასევე უნდა შესრულდეს ”სრულიად საქართველოს ეროვნული კრების” გადაწყვეტილება ქვეყანაში სისტემური ცვლილებების ჩატარების შესახებ”, — განაცხადა გაერთიანების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გია დაღელაშვილმა.
მისი თქმით, „ეროვნული კრების“ გადაწყვეტილება მიღებულია 1,7 მილიონი ხელმოწერის საფუძველზე.
როგორც დაღელაშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ კარვების დადგმის უფლება არ მისცეს, ამიტომ გუშინ მათ წვიმაში მოუხდათ ჯდომა.
„პოლიციელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგანაც ისინი ხელისუფლების მოთხოვნებს ასრულებენ“, — აღნიშნა მან.
„საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ დამფუძნებელი კრება 2004 წლის ივნისში ჩატარდა. მალე ორგანიზაცია პრეზიდენტის გადაყენებისა და საქართველოში პოლიტიკური სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას შეუდგა. დროთა განმავლობაში ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა, მაგრამ 2009 წლის ივლისში კიდევ ერთი დამფუძნებელი კრება გაიმართა.