თბილისი, 18 მაისი – Sputnik. დასავლეთი სულ უფრო ნაკლებად ავლენს საქართველოსთან ინტეგრაციის სურვილს, რაც ქვეყნის მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს, წერს РИА Новости „ფაინენშლ თაიმსზე“ დაყრდნობით.
გასული წლის სექტემბერში კარდიფის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპ–ი) არ შეუთავაზებიათ. თავის მხრივ არც ევროკავშირს აქვს ჯერჯერობით დაგეგმილი ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების უპირატესობა ჩვეულებრივ ქართველებს არ უგრძვნიათ.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ დასავლეთთან ინტეგრაციისადმი მისწრაფების თაობაზე უნდა ვკითხოთ არა ქართველებს, არამედ დასავლელ ლიდერებს.
„მსოფლიო პოლიტიკამ მასწავლა, რომ რაც უფრო პატარაა ქვეყანა იმედგაცრუების მით ნაკლები უფლება აქვს“, – განმარტა უსუფაშვილმა. – „სიტყვა „იმედგაცრუება“ უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან“.
არადა ქართველები სწორედ რომ იმედგაცრუებულები არიან, წერს „ფაინენშლ თაიმსი“. ეს გრძნობა, თავის მხრივ, რუსული გავლენის გაძლიერების საშუალებას იძლევა.
„დასავლეთისგან ჩვენ თაფლაკვერი გვინდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ კი ვცდილობთ, მაგრამ არაფერი ხდება. რუსეთი კი უკვე აქაა“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი ეკა მეტრეველი.
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 31% ამჯობინებს ევრაზიულ კავშირში შესვლას – რაც ორჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით.
„ფაინენშლ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტმა შეცვალა საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება რუსეთისადმი.
„ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ ევროპა სუსტია და მერყევი, ხოლო პუტინი ძლიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი გაიტანოს და ადამიანები ფიქრობენ, რა სარგებელი მოაქვს ევროპას? შესაძლოა სისულელეც კია რუსეთისთვის ასეთი წინააღდეგობის გაწევა“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.
თავისი როლი ითამაშა 2012 წლის არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებამაც, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციისა და მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენისკენ ისწრაფვის.
ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტზე აკრძალვის გაუქმებამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. ამას გარდა, ქართველი ფერმერები ბოლო დროს რუსულ ბაზარს უფრო პერსპექტიულად მიიჩნევენ, ვიდრე ევროკავშირისას.
ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ასევე აღნიშნავენ ისეთი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას, როგორიცაა „ ევრაზიული არჩევანი–საქართველო." არასამთავრობო ორგანიზაციების ეს კოალიცია 16 ათას ადამიანს ითვლის.
ანალიტიკოსთა აზრით, პრორუსული პარტიები სავარაუდოდ ვერ გაიმარჯვებენ 2016 წლის არჩევნებში, თუმცა მათ შესწევთ უნარი ჩამოაყალიბონ ისეთი უმცირესობა, რომელიც ხელს შეუშლის პარლამენტში კონტროლის პროდასავლური პარტიების ხელში გადასვლას.