თბილისი,18 მაისი – Sputnik. ქუთაისის №41 ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლემ ნიკა ალავიძემ მეოთხე ადგილი დაიკავა სამეცნიერო და საინჟინრო შემოქმედების საერთაშორისო კონკურსში (Intel ISEF).
მსოფლიოს ყველაზე დიდი საერთაშორისო საინჟინრო კონკურსი 10–15 მაისს ტარდებოდა პიტსბურგში (აშშ, პენსილვანია). ნიკა ალავიძის ნამუშევარი ერთ–ერთი საუკეთესო გამოდგა იმ 1.7 ათას პროექტს შორის, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩასულ მონაწილეებს ჰქონდათ წარდგენილი მექანიკური ინჟინერიის დარგში.
„ნიკა ალავიძის პროექტი „მაღალი წნევის მილების ავარიის ლიკვიდაციის მექანიზმი“ ერთ–ერთი საუკეთესო გამოდგა და მან საპრიზო ადგილი დაიკავა“, – იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტრო ორშაბათს, 18 მაისს.
სამეცნიერო–საინჟინრო პროექტების საერთაშორისო კონკურსზე საქართველოდან ნორჩი გამომგონებლების საერთაშორისო კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ რვა გამარჯვებული გაემგზავრა. ეს უკანასკნელი საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. ალავიძემ ამ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა.
Intel ISEF — კორპორაცია „ინტელის“ ერთ–ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივაა. კონკურსში ყოველწლიურად მსოფლიოს 70 ქვეყნის 1.7 ათასზე მეტი უფროსკლასელი მონაწილეობს, რომლებიც იქ საკუთარ გამოგონებებს წარადგენენ.