ერევანი, 14 მაისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სომხეთის ეკონომიკის დინამიკის საკითხებში თავისი პროგნოზი გააუარესა და 2015 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1,5%-ით დაცემას ელოდება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" EBRD-ის მაისის თვის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხეთის ეკონომიკა 2015 წლის დასაწყისში კერძო ტრანსფერების და ექსპორტის შემცირების შედეგად არსებითად შენელდა. ”სომხეთის მშპ-ს რეალური ზრდა, სავარაუდოდ, უარყოფითი იქნება”, — მიიჩნევს EBRD.
2014 წლის ბოლოს მკვეთრი, მაგრამ მსუბუქი დევალვაციის შემდეგ სომხური დრამი სტაბილური გახდა, რაც ცენტრალური ბანკის მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის და ინტერვენციების წყალობით გახდა შესაძლებელი. ამასთან, მიუხედავად საბანკო სექტორზე კურსების უარყოფითი გავლენის გადალახვისა, კრედიტირების აქტიურობა შენელდა.
EBRD-ს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად სომხური ევრობონდების მეორე გამოშვების წარმატებული განთავსებისა, სომხეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მარტის ბოლოსთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით შემცირდა და იმპორტის დაფარვა 3.5 თვე უზრუნველყო. საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა სახელმწიფო ვალის მშპ-ისადმი თანაფარდობის მაღალი მაჩვენებლით არის შეზღუდული.
ამასთან, EBRD 2016 წელს ეკონომიკაში ვითარების გაუმჯობესებას ელოდება და მშპ-ის 1%-ით ზრდის პროგნოზს აკეთებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სომხეთის ეკონომიკის აღდგენა გარეფაქტორებზე, ძირითადად რუსეთზეა დამოკიდებული.
სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სომხეთის მშპ-ის ზრდა 2015 წელს 4,1%-ის ოდენობით არის დაგეგმილი. სომხეთის ცენტრალური ბანკი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2015 წელს 0,4%-2%-ით აფასებს.