თბილისი, 15 მაისი– Sputnik. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ევროპასა და აზიაში KFW-ს ვიცე-პრეზიდენტმა როლანდ ზილერმა. შეხვედრა თბილისში მიმდინარე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს–ფორუმის ფარგლებში შედგა.
KFW-მ საქართველოს ენერგეტიკაში 300 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა როგორც განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით, ასევე ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის, მათ შორის თურქეთთან დამაკავშირებელი 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტსა და 500/400/200-კილოვოლტიან ქვესადგურში „ახალციხე“.
ამ ეტაპზე საქართველოში KfW-ს დაფინანსებით ხორციელდება პროექტი „ჯვარი-ხორგა“, რომელიც ითვალისწინებს 500-200 კილოვოლტიანი ქვესადგურისა და 200 და 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.