ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ირგვლივ აჟიოტაჟი გრძელდება

წიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებათა აკადემიამ დადგენილება გამოსცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ბუბა კუდავას მხარდაჭერის თაობაზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თვლის, რომ ასეთი მიდგომა კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ განცხადებებისაგან და ზეწოლისაგან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობის მსურველ პირებზე და იმ კომისიის წევრებზე, რომლებმაც ახლო მომავალში ცენტრის დირექტორი უნდა გამოავლინონ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ, დადგენილება გამოსცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ბუბა კუდავას მხარდაჭერის თაობაზე. ამ დრომდე ბუბა კუდავა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

„ასეთი მიდგომით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს… მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ზეწოლისაგან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობის მსურველ პირებზე და იმ კომისიის წევრებზე, რომლებმაც ახლო მომავალში ცენტრის დირექტორი უნდა გამოავლინონ“ —ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც განათლების სამინისტრომ ჩათვალა, რომ ცენტრის საქმიანობაში „სერიოზული ხარვეზები“ იყო. 4 მაისს ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებმა გააპროტესტეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრალდება ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბუბა კუდავას საბიუჯეტო თანხების არარაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით.

 სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტრო კონკურსის ჩატარებისას საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით იმოქმედებს.

„სურვილის შემთხვევაში თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეოგადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს",- ნათქვამია  განცხადებაში.

საკონკურსო კომისია განათლების სამინისტროსა და შესაბამისი დარგის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.


ყველა ახალი ამბავი
0