მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

განსაზღვრულია ნატოს ვარშავის სამიტის პრიორიტეტები

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთი მომხრეა, მომავალ სამიტზე ალიანსმა გაფართოება გამოაცხადოს რიგი კანდიდატი ქვეყნების მისაღებად, საქართველოს ჩათვლით.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანტალიაში (თურქეთი) შეხვედრის მეორე, დამამთავრებელი დღის მთავარი თემა ალიანსის შემდეგი სამიტისთვის მზადება იყო, რომელიც  ვარშავაში 2016 წელს გაიმართება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების პირობებში, რომელთა შორის, მისი სიტყვებით, კვლავ აღმოჩნდა რუსეთი, აუცილებელია ორგანიზაციის გაძლიერება, და ჩამოთვალა გზები, რომლებიც პარტნიორებმა უკვე შეათანხმეს. 

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, მიგრაციული კრიზისის გადაჭრის თაობაზე. ყველა პროგნოზის მიუხედავად, ევროპული დიპლომატიის მეთაურ ფედერიკა მოგერინის არ უთხოვია ნატოსთვის დახმარება აღმოეჩინა ევროკავშირისთვის ამ პრობლემის მოგვარებაში. 

რიტორიკა არ შეცვლილა

სტოლტენბერგის შემაჯამებელი განცხადება ანტალიაში მცირედით თუ განსხვავდებოდა იმ სიტყვისგან, რომელიც მან კონსულტაციების დაწყებისას წარმოთქვა. კვლავ გაიჟღერა ტრადიციულმა სიტყვებმა „ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე დაძაბულობის ზრდის“ თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც ნატო „გააძლიერებს თანამშრომლობას და დაიცავს“ თითოეულ წევრ ქვეყანას „ნებისმიერი საფრთხისგან“.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საუბარია დაჯგუფების შექმნაზე სახელწოდებით Spearheadforce ("ბასრი ძალა"), რომელიც კონფლიქტის ზონაში 48 საათის განმავლობაში ჩადგება. მინისტრების შეხვედრის შედეგებიდან გაირკვა, რომ თურქეთი იქნება ერთ–ერთი იმ შვიდ სახელმწიფოს შორის, რომლებიც ამ ახალ ფორმირებაში შევლენ.  

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვახდენთ ალიანსის მუშაობის ადაპტაციას და ალიანსის გასაძლიერებლად „ცივი ომის“ შემდეგ პერიოდში ყველაზე დიდ სამუშაოს ვატარებთ. მე მივესალმები თურქეთის გადაწყვეტილებას, სხვა ექვს სახელმწიფოსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ჯგუფ Spearheadforce–ის მუშაობაში“,– განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ამასთან, გენერალური მდივნის თქმით, ნატო გაააქტიურებს პარტნიორობას ფინეთსა და შვედეთთან. ანტალიაში შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბალტიის ზღვაზე სამხედრო სწავლებების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობის საკითხიც. 

სტოლტენბერგმა ასევე დაადასტურა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები უფრო აქტიურად გაცვლიან სადაზვერვო მონაცემებს და მიიღებენ ზომებს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ჩვენ ვაჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ვამუშავებთ სადაზვერვო მონაცემების გაცვლის მექანიზმს და ვაძლიერებთ საკუთარ კიბერუსაფრთხოებას“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, ამ ზომების გატარების აუცილებლობა ჰიბრიდული სამხედრო მოქმედებების პირობებში გაზრდილ საფრთხეებს ეფუძნება. 

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო მიესალმება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დააარსოს მიზნობრივი სასტარტო ფონდი „ჩვენი სტრატეგიული კავშირების მხარდასაჭერად“.  

ყველა ეს გადაწყვეტილება და განცხადება ნატოს ვარშავის სამიტის მომზადების პროცესში პარტნიორთა მუშაობის საფუძვლად იქცევა, განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

 ნატოს გაფართოება

სტოლტენბერგის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისი თქმით, თურქეთი მომხრეა, რომ მომავალ სამიტზე ალიანსმა გაფართოება გამოაცხადოს რიგი კანდიდატების მისაღებად, საქართველოს ჩათვლით. 

„ჩვენ ნატოს გაფართოებას ვუჭერთ მხარს. ჩვენ ახლა ოთხი კანდიდატი – ქვეყანა გვყავს. ესენია: ჩერნოგორია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო. და ჩვენ გვსურს, რომ 2016 წლის სამიტის მიზანი იყოს ალიანსის გაფართოება“,– აღნიშნა მინისტრმა. 

 

„ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემა

ექსპერტთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ მინისტრებს არ ჩაუტარებიათ ცალკე სხდომა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის თემასთან დაკავშირებით. ისინი ძირითადად მორიგე ფრაზებით შემოიფარგლნენ, რომ „სამხრეთიდან მომავალი საერთო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უმჭიდროვესი კოორდინაციაა“ აუცილებელი.  

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით, ნატოს ჩარევის გარეშე განხორციელებულ არც ერთ სხვა კოლექტიურ ძალისხმევას არ მოუტანია სასურველი შედეგი. 

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მიზნით შექმნილი ანტიტერორისტული კოალიციის ძალისხმევა არასაკმარისია. სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს ამ დაჯგუფებასთან ბრძოლის შეთანხმებული სტრატეგია“, – თქვა ჩავუშოღლუმ.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან შეკითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ალიანსი რუსეთთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენადაც პრობლემა, მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ყველასათვის საერთოა.

„ნატომ გასული წლის გაზაფხულზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა რუსეთთან ყოველგვარი პრაქტიკული თანამშრომლობა ამ უკანასკნელის უკანონო ქმედებების, კერძოდ, ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა ფანჯარა პოლიტიკური დიალოგისთვის. გადაწყვეტილება უცვლელია – რუსეთის ფედერაციასთან პრაქტიკული თანამშრომლობა „გაყინულია“, – თქვა სტოლტენბერგმა. 

ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან

ეს თემა, ანტალიაში კოლეგებთან ჩასული ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის თქმით, უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან ერთად, უნდა ქცეულიყო ხუთშაბათს განსახილველ ერთ–ერთ მთავარ თემად.

თუმცა სტოლტენბერგმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კონსულტაციების შედეგებზე საუბარი არჩია. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მის გამოსვლამდე ერთი საათით ადრე ამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა. 

როგორც გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, ანტალიაში შეკრებილმა უკლებლივ ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოიწონა რუსეთსა და ნატოს შორის კავშირის არხის გახსნა. 

წარსულში შტაინმაიერს უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ სამხედრო სწავლებების გააქტიურება, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე ნატოში, მოითხოვს „ცხელი ხაზის“ არსებობას. ის ასევე აღნიშნავდა, რომ ნატო–რუსეთის „ცხელი ხაზის“ აღდგენა ხელს შეუწყობს ესკალაციების და სიგნალების არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილებას. 

უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დასავლელ პარტნიორებს განზრახული აქვთ გავლენა მოახდინონ კონფლიქტის მონაწილე მხარეებზე დონბასში, რათა მათ ლოკალურ შეთანხმებებს მიაღწიონ. კერძოდ, დაუშვან ტერიტორიაზე ეუთოს ინსპექტორები. მან ასევე მოუწოდა ყველას, „სწრაფად დაიწყონ“ მოქმედებები სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, რათა დონბასში სიტუაცია დარეგულირდეს.  

შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების პროცესში დასავლეთის სახელმწიფოთა მონაწილეობა კვლავინდებურად აუცილებელია იმდენად რამდენადაც „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძველებურად მყიფეა და შესაძლებელია ესკალაციები“. 

ამასთან, მან განაცხადა, რომ ევროკავშირი ჯერჯერობით არ მოუწოდებს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ, ვინაიდან მოქმედი ზომები კვლავ მუშაობს. 

კიდევ ერთი საბაბი ძალისხმევის გასაერთიანებლად

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, როგორც მოსალოდნელი იყო, მინისტრთა შეხვედრის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს თემად იქცა. სხდომის დაწყებამდე ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი აფასებს ნატოსთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების პირობებში, რომლებსაც განეკუთვნება ხმელთაშუა ზღვისპირეთში მომხდარი ბოლო კრიზისიც. 

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსს არ მიუღია ევროკავშირისგან მიგრანტების საკითხის გადაჭრაში დახმარების თხოვნა. „ნატოში ჯერ არ შემოსულა ევროკავშირის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსი ჩაერთოს ან მოხდეს მისი მოქმედებების კოორდინირება ხმელთაშუა ზღვისპირეთში მიგრანტთა საკითხის გადასაჭრელად. ეს ევროკავშირის პასუხისმგებლობაა. თუ ასეთი მოთხოვნა მოგვივა, ჩვენ მას სერიოზულად შევისწავლით და შევაფასებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

შუალედური შედეგი

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა ბრიუსელის გარეთ, არ არის საეტაპო მნიშვნელობის, მიაჩნია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის ევროპული უსაფრთხოების განყოფილების გამგეს დმიტრი დანილოვს. მისი თქმით, მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა, „ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღია და არც შეეძლო მიეღო“. შეხვედრაზე საუბარი იყო ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, უელსში გასულ წელს მიღებულებზე, თქვა ექსპერტმა.   

„ახლა მინისტრები შეიკრიბნენ შეცვლილ გარემოში – სწორად ეს არის არსებითი თემა: შეცვილ გარემოში შეჯერდნენ ერთმანეთს, გადაწყვიტონ, რა სახით ააგონ შემდგომში საკუთარი პოლიტიკა. ბუნებრივია, საქმე უპირველესად უკრაინის კრიზისს ეხება, იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ნატო ამ კრიზისისა და რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში“, – განაცხადა დანილოვმა.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0