დმიტრი ვორონცოვი: „ავტოსტოპით“ პეტერბურგიდან თბილისში

© photo: Sputnikდმიტრი ვორონცოვი
დმიტრი ვორონცოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს გარკვეული საჭირო სიტყვები „ავტოსტოპით“ მოგზაურთათვის. არსებობს შვიდი უნივერსალური და ასი საჭირო სიტყვა ნებისმიერი ქვეყნისთვის.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik.პეტერბურგელი მეწარმე  დმიტრი  ვორონცოვი ათ წელზე მეტია, რაც „ავტოსტოპით“ თავისუფალი მგზავრობითაა გატაცებული. მას ამ მეთოდით ათასობით კილომეტრი აქვს  გავლილი მსოფლიოს გზებზე და  ახლაც პეტერბურგიდან თბილისამდე  „ავტოსტოპით“  ჩამოაღწია. მოგზაურმა საკუთარი შთაბეჭდილებები „სპუტნიკის“ კორესპონდენტს გაუზიარა. 

–საქართველოში პირველად არ ხართ. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

–უპირველესად, მინდა გადმოგცეთ სალამი უკრაინელებისგან. იქ მე სამი თვის – იანვრის, თებერვლისა და მარტის განმავლობაში ვმოგზაურობდი. დიახ, საქართველოში მესამედ ვარ, თბილისში კი პირველად. გასულ ჯერზე  ბათუმში, ლანჩხუთსა და ქუთაისში ვიმოგზაურე.  ახლა მე და ჩემი თანამგზავრები ყაზბეგის მხრიდან, სტეფანწმინდიდან შემოვედით. იქ სამი ზვავი ჩამოწვა, ციოდა, მაგრამ  მაინც ჩამოვაღწიეთ.
–ჩემთვის „ავტოსტოპით“, გამვლელი მანქანებითა თუ ფეხით მოგზაურობა – ეს ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობობაა. 16 მარტს ჯერ ისევ უკრაინაში ვიყავი, მერე ერთი კვირა ბელარუსს ვსტუმრობდი,  კვირანახევარი სანკტ–პეტერბურგში ვიყავი, სახლში. დიდი ზურგჩანთა მაქვს, 20 კილოს იწონის. მასში კარავი და საძილე ტომრები მილაგია. ეს ყველაფერი უნდა დაშალო, ააწყო, რომ გზა განაგრძო. პეტერბურგიდან  6 აპრილს გამოვედი. ერთი კვირა მოსკოვში გავჩერდი, სადაც მოგზაურთა შეკრება იყო. საქართველოში 24 აპრილს შემოვედი. 
–როგორ გადაწყვიტეთ მოგზაურობა? რამ გიბიძგათ ამისკენ?
–გზა მიზიდავს. არსებობს ფრთიანი გამონათქვამი, რომ სიჭარმაგეში ადამიანები ნანობენ, რომ ცოტა იმოგზაურეს და ნაკლებად უყვარდათ. მე პატარაობიდან  მიზიდავს ლაშქრობები, ველოსიპედით მგზავრობა. მივხვდი, რომ „ავტოსტოპით“ მოგზაურობა საზღვრებს  აფართოვებს. პირადად ჩემთვის  პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოსვლა იგივეა, რაც ზოგიერთებისთვის  ქალაქგარეთ  გასვლა. უკვე ათი წელია ასე ვმოგზაურობ.  „ავტოსტოპით“  მაქვს  მოვლილი  რუსეთი  – მურმანსკიდან კრასნოიარსკამდე, ვიყავი ყაზახეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთშიც შევიარე  ბათუმიდან. ახლა საქართველოში მეგობარ გოგონასთან ერთად  ვარ, რომელიც პირველადაა აქ. მოგზაურობისას ის მიხვდა, რომ ადამიანები სხვაგვარად ცხოვრობენ,  არა მხოლოდ ისე, როგორც მოსკოვსა და პიტერში. 
–რას ნიშნავს, როგორც მოსკოვსა და პიტერში? როგორ ცხოვრობდით მანამ, სანამ მოგზაურობას დაიწყებდით?
–ეს მოგონებების მთელი პლასტია. პეტერბურგი – ეს ხუთმილიონიანი ჩრდილოეთ ქალაქია, სადაც ამინდი საკმაოდ იოლი გამოსაცნობია.  ცხოვრება ქალაქში და ცხოვრება მოგზაურობაში, გზაში – სავსებით განსხვავებული რეალობებია. „ავტოსტოპით“ მოგზაურობა  – ეს არ არის დასვენება და მხიარული სეირნობა. ეს შრომაა, მძიმე შრომა. გამუდმებით რაღაცაზე უნდა იფიქრო, რაღაცაზე  იზრუნო, ზომებს მიმართო, რადგან გზაში მუდმივად ხდება რაღაც ახალი და არაჩვეულებრივი. ეს არ არის სტანდარტული მარშრუტი „სახლი–სამსახური–მანქანა–მეტრო“. ეს ახალი ადამიანებია, ახალი ნაცნობობაა. არასდროს იცი, ვინ იჯდება მომავალ მანქანაში, რამდენი წლისა, რა რელიგიისა, რაზე მაფიქრალი. პიტერში იყო და რჩება ჩემი ბიზნესი, რომელიც რეკლამასთანაა დაკავშირებული. სანკტ–პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, რუსეთის უახლესი ისტორიის კათედრაზე ისტორიულ  ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ასპირანტურაში მიწვევდნენ, მაგრამ გადავწყვიტე,  იმ ასაკში არ ვარ, რომ ვიჯდე  და წიგნები ვიკითხო–მეთქი. 
–რატომ გიყვართ „ავტოსტოპით“ მოგზაურობა?
–მაინტერესებს ქალაქების, ადამიანებისა და  გზების შესწავლა–კვლევა და არა უბრალო ტურისტული ღირსშესანიშნაობები: ჩანჩქერი, მთა ან რაღაც სხვა. მე მაინტერესებს ქალაქი ადამიანების პრიზმაში, მათი სურვილების, მოგონებების, აზრების ჭრილში. როცა მანქანით მძღოლთან ერთად  მივდივარ, ორი აბსოლუტურად უცნობი ადამიანი ერთმანეთს ვეცნობით. ეს ორი სერიოზული, ზრდასრული მამაკაცის სერიოზული საქმიანობაა. ამ დროს კაცი გიამბობს საკუთარ ისტორიას, გიზიარებს საკუთარ განცდებსა და ფიქრებს. უკრაინაში საუბრის თემის 90 პროცენტი ომსა და პოლიტიკას ეხებოდა. ვცდილობდი ხაზი გამესვა, რომ მე ომი არც რუსეთში მინდა, არც უკრაინაში, არც საქართველოსა  და არც არსად სხვაგან მსოფლიოში. 
–როგორ დაახასიათებდით ქართველ მძღოლებს?
–მე აქ 2013 წლის გაზაფხულზეც ვიყავი და შემოდგომაზეც. ერთი სატვირთოს მძღოლი დამამახსოვრდა, რომელიც ამბობდა: „საერთოდ რა საჭიროა საზღვრები? მე, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ბიზნესი მაქვს. რატომ უნდა იყოს საზღვრები ჩაკეტილი და რატომ უნდა ეშლებოდეს  ხელი საქონლის გაყიდვას?“ მან გზისპირა კაფეში დამპატიჟა და უამრავი ხაჭაპურითა და ღვეზელით გამიმასპინძლდა. მთელი მთა შეუკვეთა. ძალიან კეთილი კაცი აღმოჩნდა. ადამიანები მიამბობენ გარკვეულ ადგილებზე, საქმიანობაზე. ვიღაცეები ნადირობით არიან გატაცებულნი. არიან მძღოლები, რომლებიც იხსენებენ, როგორ ცხოვრობდნენ რუსეთში და მთხოვენ, დავურეკო მათ მეგობრებს, მოკითხვა გადავცე. 
–რა რისკებთანაა დაკავშირებული „ავტოსტოპით“ მოგზაურობა?
–გზა – ეს ტექნიკური საფრთხეა. გზაზე აკურატული და ყურადღებიანი უნდა იყო. როცა აქეთ–იქით უზარმაზარი „რკინის ნაჭრები“ დაქრიან, სულ ცოტა, მკვეთრი ფერის ტანსაცმელი მაინც უნდა გეცვას. დაბინდებისას სამოსზე შუქის ამრეკლი ელემენტები უნდა დაიმაგრო, რომ იოლად შეგამჩნიონ. პირადად მე განსაკუთრებული პრობლემები და სირთულეები გზაზე არ შემხვედრია. ზოგიერთი  გოგონა, მაგალითად, სექსუალურ ძალადობას აწყდება ხოლმე. 
–მოგზაურობა მარტო გირჩევნიათ თუ თანამგზავრთან ერთად?
–ვინმესთან ერთად ვცდილობ მოგზაურობას. საქართველოში სამნი ჩამოვედით: მე, რუფათი და ეკატერინა. ხანდახან, რა თქმა უნდა, მარტოს  მიწევს მოგზაურობა. სულით მოგზაური ათასიდან ერთი ადამიანია. ვიღაც „მოიმოგზაურებს“ და მერე სახლში ჩაჯდება. მოგზაურობისას ყველას თავისი მისწრაფება აქვს. ვიღაცას რომელიღაც განსაზღვრული მარშრუტი აკმაყოფილებს, მე კი კიდევ ბევრი ადგილის, კიდევ ბევრი გზის  ნახვა მინდა. ჩინეთი, სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია, ტაილანდი, ფილიპინები, ინდონეზია – ამ ადგილებში ჯერ არ ვყოფილვარ. ეს ჩემი ოცნების ქვეყნებია, რომლეთა მონახულებაც მსურს. 
–ბევრი თანამოაზრე გყავთ?
–არსებობს „თავისუფალი მოგზაურობის აკადემია“. ეს არის მოგზაურთა არაკომერციული, არასახელმწიფო გაერთიანება. უახლოესი შეხვედრა 4–8– ივნისს გაიმართება მოსკოვის მახლობლად. ნებისმიერს  შეუძლია დასწრება. გასულ წელს იქ დაახლოებით 600 ადამიანი იყო. მათ  შორის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან: აფრიკიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან. ადამიანები ერთმანეთს უყვებიან  სხვადასხვა ქვეყანაში, სირიაში, ავღანეთში „ავტოსტოპით“ მოგზაურობის ამბებს. ერთი ჩერნიგოველი ნაცნობი მყავს, რომელმაც მონღოლეთსა და ავღანეთში „ავტოსტოპით“ იმოგზაურა. სხვათა შორის, მოგზაურობაზე შვიდი წიგნი აქვს დაწერილი. 
–მოგზაურობისას სად ჩერდებით ხოლმე ღამის გასათევად?
–ჩვენი „აკადემია“ საშუალებას გვაძლევს, მთელ მსოფლიოსთან ვიმეგობროთ. კონტაქტებს  ვცვლით და ერთმანეთს ვეხმარებით. ამასთან, მე არ ვსარგებლობ სასტუმროებით, ჰოსტელებითა და გეთჰაუსებით.  უამრავი მეგობარი მყავს სხვადასხვა ქალაქებში. როცა ვინმე პეტერბურგში ჩამოდის სამოგზაუროდ, ჩემთან ვპატიჟებ. ეს ერთგვარი ურთიერთძმობა, სტუმართმოყვარეობაა. ასევე არსებობს „მსოფლიო სტუმართმოყვარეობის“ საიტი couchsurfing.org.
–წელიწადში რამდენ ხანს ატარებთ მოგზაურობაში?
–დაახლოებით მთელი დროის 70 პროცენტს. თან 20 კილოგრამიანი ზურგჩანთა დამაქვს, რომელშიც ბევრი თბილი ტანსაცმელი მილაგია. ზოგიერთები უფრო მსუბუქი ზურგჩანთებით  მოგზაურობენ, მაგრამ  მე ვცდილობ, თან წავიღო რაც შეიძლება ბევრი რამ. ცნება „ზაფხული“ გზაში შედარებითია. თან დამაქვს ოთხი მობილური ტელეფონი იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმეს რამე დაემართა. გამუდმებულ კავშირზე ვარ ინტერნეტში. შეგიძლიათ მომძებნოთ Google —სა და სოციალურ ქსელებში.
–ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ღამის გასათევი არ გქონიათ?
–მე ყოველთვის დამაქვს კარავი. თბილისში ხარკოველ ბიჭებთან გავჩერდი. ისინი აქ უკრაინაში დატრიალებული სამწუხარო მოვლენების გამო გადმოვიდნენ  საცხოვრებლად. იქ ძალიან ბევრს იწვევენ ჯარში, ბევრს უგზავნიან გასაწვევ უწყებას, ადამიანებს აიძულებენ სანგრებში ჩასხდნენ… კარავი და თბილი სამოსი თან დამაქვს, თანაც, საკმაოდ გამოწრთობილი ვარ. ასე რომ, არავითარი სირთულე ამაში არ არის. კარავი მოძრაობას აჩქარებს თუ სადმე სწრაფად უნდა წახვიდე, მაგალითად,  მოსკოვიდან  ბელორუსში. იქ არის  ქალაქი სმოლენსკი, რომელიც ტრასიდან ათი კილომეტრითაა დაშორებული. კარავს კი უცბად დადგამ, ღამეს გაათევ, დილით კი აკეცავ და გზას განაგრძობ. თუმცა, არის მეორე მხარეც: ტელეფონს ვერ დატენი…
–ფინანსურად როგორ ართმევთ ამას თავს?
–ღვთის წყალობით, მშიერ კუჭზე! ბევრს თუ შეჭამ, შორს ვერ წახვალ. „ავტოსტოპით“ მოგზაურობა არ ითვალისწინებს რესტორნებში სიარულსა და დასვენებას…  ბრინჯსა და წიწიბურაზე კი ბევრი ფული არ იხარჯება. განსაზღვრული ფინანსები მჭირდება ინტერნეტისა და მობილური კავშირისთვის. თუმცა არც ესაა განსაკუთრებულად დიდი თანხა. ზოგიერთები წიგნებს წერენ, ყიდიან  მათ და ამ გზით გამოიმუშავებენ ფულს. ზოგს საკუთარი ინტერნეტ–მაღაზია აქვს. ერთი მოგზაური ვიცი, რომელიც ნახევარი წელია ინდოეთსა და ნეპალში ველოსიპედით მოგზაურობს. მას ველოაღჭურვილობის ინტერნეტ–მაღაზია აქვს. 
–არსებობს კითხვა: როგორ დავაღწიოთ თავი ხუთდღიან წრეს. მარტო შაბათითა და კვირით  შორს ვერ წახვალ. შეკვეთებზე მუშაობა: რეკლამა, სამრეწველო ალპინიზმი, საკურიერო შეკვეთები. ყველაფერი ინდივიდუალურია. შეიძლება ბინა გააქირავო… მაგრამ  მე ბინა ან რამე უძრავი ქონება მოსკოვსა და პეტერბურგში არ მაქვს. ზოგიერთი ბედნიერი აქირავებს ბინას და ამ ფულით მოგზაურობს.
–სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორ ურთიერთობთ ადამიანებთან?
–მოგზაურობისას შეგიძლია შეისწავლო ენა და გაიგო ამ ენის აზრობრივი დატვირთვა. საუკეთესო მეთოდია, თუ სოციალურ გარემოში ჩაეფლობი მეგობრების, ნაცნობებისა და ფულის გარეშე. თურქეთშიც „ავტოსტოპით“ ვიმოგზაურე. იქ მძღოლები არც რუსულად ლაპარაკობენ და არც ინგლისურად. ეს უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები. რაში სჭირდებთ მათ ინგლისური? სკოლაში კი სწავლობდნენ, მაგრამ მერე დაავიწყდათ.  
–არსებობს განსაზღვრული სიტყვები, რომლებიც „ავტოსტოპით“ მოგზაურებს სჭირდებათ. არსებობს 10 უნივერსალური  და 100 საჭირო სიტყვა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ისინი ინტერნეტიდან შეგიძლია გადმოიწერო, ან საზღვარზე იკითხო. მნიშვნელოვანი სიტყვებია: შეიძლება, პირდაპირ, უფასოდ. ეს მძღოლს უნდა აუხსნა. მანქანაში ჩაჯდომისას  შეგიძლია ჟესტებიც გამოიყენო და ისე დაასახელო საკუთარი ქვეყანა და ასე შემდეგ.  კიდევ ოთხი სიტყვაა: აქ, ძილი, ჭამა, დალევა. მაგალითად, ინდოეთში არის წყალი, რომლის დალევაც არ შეიძლება. თუ ჩვენ ამ ქვეყნის მენტალიტეტის გაგება გვსურს, გვინდა გავიგოთ რაზე ფიქრობენ, რას განიცდიან ადამიანები, უნდა მოვემზადოთ და გადმოვიწეროთ, სულ ცოტა, 100 სიტყვა: გზა, ზღვა, მეგობარი, ჩემი, საიდან  ხართ… თითოეულ მოგზაურობას გამოცდილება მოაქვს.  
–ქართული ისწავლეთ?
–„გამარდჟობა“, მადლობა. ჩემი მეგობრები, რომლებიც ახლა აქ ცხოვრობენ, ენას სწავლობენ. ისინი ამბობენ, რომ ქართული საკმაოდ რთული ენაა. თუმცა ადგილობრივები საუბრისას ხშირად გადადიან რუსულზე. მე ჯერ არ შემხვედრია აქ ისეთი ადამიანი, რომელმაც  საერთოდ არ იცის რუსული ან ინგლისური. ბევრმა ოთხი ენაც კი იცის. 
–რა არის თქვენთვის მთავარი „ავტოსტოპში?“
–შთაბეჭდილებები, რომელსაც ადამიანები ახდენენ. თანამგზავრი გოგონების შთაბეჭდილებები და მათი მოგონებები. მოგზაურ გოგონებს განსაკუთრებული აზროვნება აქვთ, ისინი გზაში ცხოვრობენ და მათი სახლი ზურგჩანთაა. 
–რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ დამწყებ მოგზაურებს? 
–მოგზაურობისთვის მორალურად და ფიზიკურად უნდა იყოთ  მზად. ეს უბრალო ლაშქრობები არ არის. შეეცადეთ უახლოეს ქალაქამდე მიაღწიოთ და მეგობართან გაათიოთ ღამე. საქართველოში საკმაოდ თბილა და ეს საქმეს აიოლებს. თან უნდა იქონიოთ რამდენიმე მობილური ტელეფონი. ტექნიკა მოგზაურობას  ვერ უძლებს. უკრაინაში სამი ტელეფონი გამიფუჭდა. კავშირზე უნდა იყო, რომ ნათესავები არ შეაშინო. 




ყველა ახალი ამბავი
0