IDFI: საქართველოში სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის დონემ დაიკლო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისგან 2014 წელს თანამდებობის პირთა პრემიებისა და ხელფასების დანამატების, აგრეთვე წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოში სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის დონე იკლებს. როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აცხადებს, 2015 წელს საჯარო ინფორმაციის სრულფასოვანი გაცემის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

უკანასკნელი კვლევა 2015 წლის მარტში ჩატარდა. ორგანიზაციამ სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისგან 2014 წელს თანამდებობის პირთა პრემიებისა და ხელფასების დანამატების, აგრეთვე წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.  

„ჯამში 1185 შეკითხვა გაეგზავნა 19 სამინისტროსა და 49 სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას. მათგან სრულფასოვანი პასუხი მივიღეთ 51.8%–ზე, არასრულფასოვანი – 2.9%–ზე, ინფორმაციის გაცემაზე უარი გვეთქვა 1.6% შემთხვევაში, 2.8% შემთხვევაში შესაბამის უწყებებს არ აღმოაჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია. ამასთან, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა 22.9%“, – აღნიშნულია კვლევაში. 

როგორც IDFI–ში აღნიშნეს, სრულფასოვანი ინფორმაციის გაცემის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ სამმა სამინისტრომ (ფინანსთა, იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა) და ცხრა მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული სარჩელის შემდეგ წარმოადგინეს. 

„ყველა ეს სამინისტრო გამჭვირვალობის მაღალი  ხარისხით გამოირჩეოდა  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ხოლო მომდევნო წლებში ადმინისტრაციულ ორგანოთა ღიაობის მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა“, – ნათქვამია კვლევაში. 

ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული უწყებებისგან სრულფასოვანი პასუხების რაოდენობამ  შეადგინა 81%, ხოლო 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდში – 66%. 

რაც  უშუალოდ შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მან 2013 წელს დააკმაყოფილა ინფორმაციის მიღებაზე მოთხოვნათა 70%. 2014 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 43.3%–მდე, ხოლო 2015 წლის მარტში მაჩვენებელი 0–ის ტოლი იყო.

თავის მხრივ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა  IDFI–ის მოთხოვნები როგორც 2014 წელს, ისე 2015 წლის მარტში. ანალოგიური სიტუაცია იყო იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაშიც. 

IDFI–ის მონაცემების თანახმად, შსს–ს მაჩვენებელმა ინფორმაციაზე წვდომის კუთხით 2013 წელს შეადგინა 63.9%, ხოლო 2014 წელს დაიკლო 26.8%–მდე. რაც შეეხება 2015 წლის მარტს, მდგომარეობა გაუმჯობესდა – 46.5%.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში 2013 წელს დაფიქსირდა ინფორმაციაზე წვდომის 70 პროცენტიანი დონე, 2014 წელს – 43.3%, ხოლო 2015 წლის მარტში – 0%. 


ყველა ახალი ამბავი
0