თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ლატვიის სეიმმა მომავალი კვირისთვის გადადო დეპუტატთა ჯგუფის მიერ მიწოდებული გიორგიევსკის ბაფთების საჯარო გასართობ და საზეიმო ღონისძიებებზე გამოყენების თაობაზე კანონპროექტის განხილვა, – იუწყება სააგენტო РИА Новости ლატვიის პარლამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ლატვიის სეიმის დეპუტატთა ჯგუფმა მოამზადა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა შესწორებები კანონში, რომლითაც იკრძალება საჯარო გასართობ და საზეიმო ღონისძიებებზე გიორგიევსკის ბაფთების გამოყენება.
კანონპროექტი მოამზადეს დეპუტატებმა იანის დომბრავოიმ, გუნარ რუსინშმა, ეინარს ცილინსკისმა, კარლის კრესლინშმა, ჰაიდის ბერზინშმა და ვეიკო სპოლიტისმა.
სეიმმა ხუთშაბათს გადაწყვიტა, არ განეხილა ეს კანონპროექტი და შემდეგი კვირისთვის გადადო მასზე მსჯელობა.
კანონპროექტის ანოტაციაში ნათქვამია, რომ „ ნარინჯისფერ–შავი ბაფთა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება რუსული იმპერიალიზმის განსადიდებელ სიმბოლოს და ერთგვარ განმასხვავებელ ნიშნადაც კი იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთის პროპაგანდის გავლენას ემორჩილებიან და სურთ რუსეთი დაშლილი სსრკ–ის საზღვრებზე ტერიტორიულად გაფართოვდეს“.
უფრო ადრე კანონში შესაბამისი შესწორებები დეპუტატმა ვეიკო სპოლიტისმა წარადგინა. მოგვიანებით მან უკან გაიწვია საკუთარი ინიციატივა შემდგომი დამუშავების მიზნით.