თბილისი, 14 მაისი – Sputnik. აშშ–ის მოქალაქე დონალდ რეი მორგანს 20 წელზე მეტი ვადით პატიმრობა შეეფარდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების დახმარების აღმოჩენის მცდელობისათვის, – იუწყება სააგენტო РИА Новости აშშ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„წარსულში ნასამართლევ ჩრდილოეთ კაროლინელ მამაკაცს სასჯელად ფედერალურ ციხეში 243 თვიანი პატიმრობა და სამი წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენისა და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისათვის“, – ნათქვამის იუსტიციის სამინისტორს პრეს–რელიზში.
მორგანმა დანაშაული აღიარა.
სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, იგი 2014 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ეძებდა „ისლამური სახელმწიფოსთვის“ დახმარების აღმოჩენის გზებს. მორგანი ასევე ცდილობდა სირიაში წასვლას, რათა გამხდარიყო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი.
ამას გარდა, მორგანი სოციალურ ქსელებსა და უცხოურ მედიასთან ინტერვიუებში ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას „ისლამური სახელმწიფოსადმი“. როგორც სასამართლომ დაადგინა, მორგანი წარსულში ფლობდა ავტომატურ იარაღს, მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს უკვე იყო ნასამართლევი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის ქონის უფლება.
მორგანი 2014 წლის 2 აგვისტოს დააპატიმრეს ნიუ–იორკის აეროპორტში.