ჩინეთმა საქართველოს საჩუქრად სპეცტექნიკა გადასცა

გამოწერა
საქართველოსა და ჩინეთის მთავრობები შეუდგნენ პროექტ „საქართველოში ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგია“ განხორციელებას. პროექტის ფარგლებში ქვეყანაში 30 ათასზე მეტი სათბური აშენდება.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ჩინეთის მთავრობამ  საქართველოს გრანტის სახით 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრომექანიკური დანადგარი გადასცა, რომლის საერთო ღირებულება 10.8 მილიონ დოლარს შეადგენს. გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური. 

ექსკავატორი, სატვირთო მანქანა, ბულდოზერი, ბეტონის მიქსერი,  მაღალი  გამავლობის ავტომობილები, ტრაქტორები – ასეთია იმ ტექნიკის არასრული  ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო. სამინისტრო ამ ტექნიკას სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისთვის გამოიყენებს. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ დაიწყო მასშტაბური სამუშაოები სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც ქვეყანაში უკვე რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებულა. ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სპეცტექნიკა საშუალებას იძლევა, რომ ეს სამუშაოები უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. 

პრემიერის თქმით, ხელმოწერილია საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის პროექტი „საქართველოში ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგია“, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში 30 ათასზე მეტი სათბური აშენდება.  

ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა  საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციების ზრდას. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის იწყება თანამშრომლობის ახალი ეტაპი, მათ შორის, ახალი აბრეშუმის გზის განვითარების შეთანხმების ფარგლებში. 

2015 წლის იანვარ–მარტში ჩინეთი მესამე ადგილზე იყო საქართველოს  ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. საქართველოს ჩინეთთან  საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  მოცემულ პერიოდში 192.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 15.4%–ით მეტია, ვიდრე 2014 წლის იანვარ–მარტში იყო. მაშინ ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ საქართველოს საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვის 8.4% შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0