საქართველო და EBRD ინვესტორთა საბჭოს ქმნიან

გამოწერა
ინვესტორთა საბჭოს, რომელიც 15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, საქართველოს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში ქართული და უცხოური ბიზნეს–ასოციაციები, ბიზნეს–ომბუდსმენები და საერთაშორისო დონორი–ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ.

თბილისი, 14 მაისი –Sputnik.  საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტორთა საბჭოს ქმნიან. შესაბამის  მემორანდუმს ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა და  EBRD  ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნეს–გარემოს გაუმჯობესებაზე  ერთობლივად იმუშავებენ.

ინვესტორთა საბჭოს, რომელიც 15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, საქართველოს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში ქართული და უცხოური ბიზნეს–ასოციაციები, ბიზნეს–ომბუდსმენები და კერძო სექტორის განვითარების  სფეროში აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ.

 „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს  ქვეყანაში ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნეს–გარემოს არსებობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ EBRD – ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინვესტორთა საბჭოს  მიზანი  კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგისთვის ძლიერი პლატფორმის შექმნაა.

„ამ ინიციატივით საქართევლო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს კერძო სექტორის შემდგომი  განვითარების ხელშესაწყობად“, – განაცხადა ჩაკრაბარტმა.

EBRD ძალიან აქტიური იყო საქართველოში. 2014 წელს ბანკის ინვესტიციები ქვეყანაში 200 მილიონ ევრომდე გაიზარდა. საერთო ჯამში ბანკმა ჩვენთან 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო ბოლო 22  წლის განმავლობაში, რაც უმსხვილესი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე ნებისმიერ იმ ქვეყანას შორის, სადაც EBRD ოპერაციებს ანხორციელებს. 

ყველა ახალი ამბავი
0