თბილისი, 13 მაისი – Sputnik. შს სამინისტრო ქალაქ ქუთაისში 13 მაისის ღამით საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 – ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც ნიშნავს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას:“რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შემთხვევა“, – იტყობინება შსს–ს პრესსამსახური.
„ხანძარი 9 სართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა. სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ხანძრის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე დროულად მოხდა სახანძრო და სამაშველო სამსახურების 4 ბრიგადის მობილიზება. მაშველებმა და მეხანძრეებმა შეძლეს ბინიდან ორი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა. შესაძლოა, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – აცხადებენ სააგენტოში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალსართულიანი კორპუსი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარეობს. ცეცხლის გაჩენის დროს ბინაში ასაკოვანი მამაკაცი და 20 წლის ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. საუბედუროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ხანძრის გაჩენის ერთ–ერთ ვერსიად ანთებული სანთელი სახელდება.