თბილისი, 13 მაისი —Sputnik. საქართველოს შს სამინისტრომ ბათუმში 13 მაისის ღამით კაბე–ბარ „მალიბუს“ აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დილით გავრცელდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომლის ავტომანქანაც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მის მანქანას შენობის ნანგრევები დაეცა.
„საქმე აღძრულია სსკ-ს 187 –ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა
საყოველთაოდ საშიში საშუალებით). ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა“, – იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.