საქართველოს მთავრობას პარლამენტის ნდობა სჭირდება

© пресс-служба Ираклия Гарибашвилиправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მინისტრთა კაბინეტს პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება მას შემდეგ დასჭირდა, რაც მთავრობის შემადგენლობა 1/3-ით შეიცვალა (7 მინისტრი 19-დან).

თბილისი, 13 მაისი– Sputnik. საქართველოს მთავრობა, რომელშიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა  სამი მინისტრი შეცვალა, პარლამენტში ნდობის ვოტუმის პროცედურას გაივლის. საქართველოს მინისტრთა კაბინეტს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ნდობის გამოცხადება მას შემდეგ დასჭირდა, რაც გასული წლის ივლისში დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა 1/3-ით შეიცვალა (7 მინისტრი 19-დან). სამი მინისტრი დაემშვიდობა პორტფელს ბოლო ორ კვირაში:ლევან ყიფიანი (ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი), ელგუჯა ხოკრიშვილი (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი) და დავით შავლიაშვილი (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი).

სახლს მონატრებულები

პოლიტიკურ წრეებში მთავრობის გადადგომაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა  დატოვა. განცხადება გადადგომის თაობაზე მან 21 აპრილს დაწერა, სადაც წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრის თხოვნა დააკმაყოფილა და მის შემცვლელად ”ქართუ ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი ნოდარ ჯავახიშვილი დანიშნა.

შავლიაშვილის წასვლიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე მინისტრის პორტფელთან დამშვიდობება გადაწყვიტა ელგუჯა ხოკრიშვილმაც, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განაგებდა. ხოკრიშვილმა გადადგომის მიზეზად ოჯახის მონატრება დაასახელა. მისი ადგილი პარლამენტის აგრარულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა დაიკავა. 

ლამაზად წასვლა

დამაინტრიგებელი აღმოჩნდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გარშემო შექმნილი სიტუაცია.  სწორედ მისი გადადგომა იქცა გადამწყვეტად – სწორედ ყიფიანი აღმოჩნდა რიგით მეშვიდე, რომლის წასვლის შემდეგაც გახდა საჭირო მთვრობის თავიდან დამტკიცება. ლევან ყიფიანის წინააღმდეგ კამპანია პარლამენტის ახალმა წევრმა, ყოფილმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ წამოიწყო. მას  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  კომიტეტის სხვა წევრებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებმაც ყიფიანის უწყების საქმიანობის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვეს და ქვეყნის პრემიერის სახელზე სპეციალური მოხსენება მოამზადეს.  წინააღმდეგობა დეპუტატთა გამარჯვებით დასრულდა და ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა.

გადადგომამდე ერთი დღით ადრე ლევან ყიფიანმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არ აპირებდა თანამდებობის დატოვებას. თუმცა, მომდევნო დილას, მოიწვია რა საგანგებო ბრიფინგი საკუთარ უწყებაში,  მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის და შეაფასა შესრულებული სამუშაოები. ცნობილი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის ვაჟი მაინც წავიდა პოსტიდან და  გადაწყვეტილების მიზეზად შელახული თავმოყვარეობა დაასახელა.

ქალის დრო

ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის გათავისუფლების თაობაზე. შოკისმომგვრელი გამოდგა ის ფაქტიც, რომ ეს პოსტი, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქალბატონმა დაიკავა. თავდაცვის მინისტრი პარლამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გახდა. ”მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, პირველ რიგში, ქართული ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ეს დიდი პატივია”,– თავდაჯერებულად განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

ზღვარზე

მთვრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას პრემიერი ღარიბაშვილი მეორე ცდით ატარებს. ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უარი თქვა ხელი მოეწერა მინისტრთა სიაზე და მის წარდგენაზე პარლამენტისთვის. პრეზიდენტმა ერთი კვირა მისცა პრემიერსა და პარლამენტს, რათა მათ ”მშვიდ გარემოში განესაზღვრათ მთავრობის შემადგენლობა”. მთელი კვირის მანძილზე მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ წარმოდგენილი სია საბოლოო იყო და არანაირი დამატებითი დღეები დასაფიქრებლად  პრემიერს არ სჭირდებოდა. სია მართლაც არ შეცვლილა, მაგრამ საქართველოს  კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს გამოსცეს ბრძანება მინისტრების დანიშვნის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ყოფილი მინისტრების ახალი შემცვლელები, პრემიერის ბრძანებით, ავტომატურად იქცნენ საკუთარი უწყებების თავებად. ხოლო პრეზიდენტმა, მის მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, 6 მაისს წარუდგინა პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი.

მთავრობა ნდობის გარეშე

უკვე ცნობილია, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობის ვოტუმს არ გამოუტანს საპარლამენტო ოპოზიცია. წინააღმდეგ გამოდიან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ”თავისუფალიდემოკრატები”, რომლებიც ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე, მოითხოვენ მინისტრთა კაბინეტის არა ნაწილობრივ, არამედ სრულ გადადგომას.

უმრავლესობაში არიან დეპტუატები, რომლებსაც კარგად ესმით, რომ მიცემული ხმა ხალხის მდგომარეობის გაუარესებისკენ არის მიმართული. თოჯინა მინისტრები და ივანიშვილი არ აღიარებენ, რომ არის პრობლემა და ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი“, – განაცხადა ფრაქცია  ”ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის”  წევრმა გიორგი კანდელაკმა.

 კრიზისი მართვაში?

ექსპერტი გიორგი  ხუხაშვილი მართვის კრიზისზე საუბრობს. ”დღეს ჩვენს ქვეყანაში მართვის სერიოზული კრიზისია. ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ —  მხოლოდ დასაწყისია. მე არ ვფიქრობ, რომ ის მინისტრები, რომლებიც საზოგადოების წნეხის ქვეშ არიან, თანამდებობებს შეინარჩუნებენ”, — აღნიშნავს  ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი ასევე დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში სავარძელს დაემშვიდობება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც. ”უფრო მეტად რადიკალურ ცვლილებების მოწმეები გავხდებით მაშინ, როცა პოლიტიკური მძიმეწონოსნები დაიწყებენ წასვლას. მესამე ფაზაში თავად პრემიერ-მინისტრს მოუწევს წასვლა მას შემდეგ, რაც რეფორმირების  პროცესი დასრულდება. არ მინდა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი. არსი გვარებში არცაა. არსი სისტემურ  ცვლილებებშია, რომლებიც აუცილებელია".

 

 

ყველა ახალი ამბავი
0