თბილისი, 13 მაისი – Sputnik. პირველი 34 პაციენტი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში 14 მაისიდან უფასოდ მიიღებს მედიკამენტ „სოფოსბუვირს“, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ოთხშაბათს, 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა მკურნალობის კურსი ეტაპობრივად ჩატარდება. პარალელურად დაიწყება ქვეყანაში C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა, რითაც ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა დადგინდება. მოცემული საკითხით დაკავდებიან ინტერვიუერთა სპეციალური ჯგუფები. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს შემთხვევითი წესით შერჩეული 7 ათასამდე ადამიანი.
„ელიმინაციის პროექტი დაიწყება მას შემდეგ, რაც დამთავრდება კვლევა, რომელიც მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას დაავადების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შესახებ. ხვალ სამედიცინო დახმარება გაეწევათ პირველ პაციენტებს. ეს იყო ხუთი ათასი ადამიანის მკურნალობის საწყისი ეტაპი“, – განაცხადა სერგეენკომ და იქვე აღნიშნა, რომ ეს მაღალი რისკის პაციენტები არიან, რომელთაც პირველ რიგში სჭირდებათ მკურნალობა.
მინისტრმა დაამატა, რომ C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ კვლევაში მონაწილეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მისი სიტყვებით, პროექტის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის მოტივაციას სამედიცინო კვლევაში მონაწილეობისთვის.
იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ C და B ჰეპატიტის მკურნალობის უფასო სახელმწიფო პროგრამაში, 2015 წლის 28 აპრილს დაიწყო საქართველოში.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს მოემსახურება ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, კლინიკა „ჰერა“, „ნეოლაბი“ და „მრჩეველი“, რომლებიც თბილისში მდებარეობს.
ქვეყნის პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, 2015 წელი საქართველოში გამოცხადებულია C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად. მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის, ამოწმებს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებს.