თბილისი, 13 მაისი – Sputnik. NDI–ის სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეთა თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ მათ არ მოსწონთ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ექს–სპიკერი ნინო ბურჯანაძე.
კერძოდ, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ბურჯანაძე არ მოსწონს გამოკითხულთა 48%–ს, ხოლო ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – 47%–ს. ამასთან, დადებითად არიან განწყობილნი ბურჯანაძის მიმართ – 26%, სააკაშვილის მიმართ – 30%.
„ანტიპათიის“ რეიტინგში ასევე ლიდერობს პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ გოკა გაბაშვილი. ის არ მოსწონს გამოკითხულთა 48%–ს, მოსწონს – 15%–ს.
სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მიმდინარე წლის 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს წესით გამოიკითხა 4 ათას 360 ადამიანი. ცდომილება 2,3 პროცენტს შეადგენს.
NDI–ის კვლევებს საქართველოში შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო (SIDA) აფინანსებს. გამოკითხვებს ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).