თბილისი,13 მაისი — Sputnik. საქართველომ ”მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”შემდგომი ნაბიჯები ზუსტად არის გარკვეული და ჩვენ მოვილაპარაკეთ გავაორმაგოთ ჩვენი ძალები, რათა შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში წარმტებით დავასრულოთ ეს პროცესი. ჩვენ გავაგრძელებთ საერთო მიზნისკენ წინსვლას, რომელიც არის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”, -განაცხადა ტუსკმა.
ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ სამიტი, რომელიც 21-22 მაისს რიგაში ჩატარდება, დაადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ”აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი”.
”საქართველო არის ახლო პარტნიორი ევროკავშირისთვის…რიგის სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას ”აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი ”და მიზანს განავითაროს უფრო ძლიერი, ახლო და დიფერენცირებული ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის” — განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, მომავალში ევროკავშირი საქართველოს პროგრესის ხელშეწყობას განაგრძობს.
”საქართველოს მთავრობისათვის დღეს მნიშვნელოვანია საკუთარ მოქალაქეებთან ინტენსიური დიალოგი, ამ პროცესის ხანგრძლივი და მტკიცე საზოგადოებრივი მხარდაჭერისათვის. ჩვენი საერთო მიზანია საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმნა და მისი მოქალაქეების ეფექტიანი ეკონომიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა”,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს ”საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას”.
ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ საბჭოს აქვს ” მტკიცე პოზიცია” კონფლიქტების მოგვარების საკითხებში – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მონაწილეობაში.