თბილისი, 13 მაისი – Sputnik. აშშ–ის ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების “ შეხედულება გამოკითხულთა 21%–თვის მისაღებია, ხოლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13%–თვის.
თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ალასანიას ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ რეიტინგში მესამე ადგილზე 5%–ით მოხვდა. შემდეგი პოზიციები „ლეიბორისტულმა პარტიამ“ (3%) და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ (3%) დაიკავეს. შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა რესპონდენტთა 6%–მა, ხოლო 8%–მა განაცხადა, რომ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ. მათ შორის, საქართველოში გამოკითხულთა 35%–მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ მოსწონთ.
ახალი კვლევის „საზოგადოებრივი დამოკიდებულება საქართველოში“ მეორე ნაწილის შედეგების პრეზენტაცია NDI–ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton) 13 მაისს გამართა.
სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი დამოკიდებულება საქართველოში“ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 27 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.
პირდაპირი ინტერვიუს წესით გამოიკითხა 4 ათას 360 ადამიანი. ცდომილება 2,3 პროცენტს შეადგენს.